ავტორი:

"არ მაქვს იმის ინტერესი და ფინანსური შესაძლებლობა, რომ "დინამო“ შევიძინო - რაც შეეხება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კორპუსების აშენებას, არავის ვურჩევდი ბაზა დაანგრიოს" - კალაძე

"არ მაქვს იმის ინტერესი და ფინანსური შესაძლებლობა, რომ "დინამო“ შევიძინო - რაც შეეხება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კორპუსების აშენებას, არავის ვურჩევდი ბაზა დაანგრიოს" - კალაძე

არ მაქვს იმის ინტერესი, რომ “დინამო” შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს - არავის ვურჩევდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია, ვინაიდან ქვეყნის ისტორიას ინახავს.

"დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ "დინამო“ შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შესაძლოა, რაღაც იყიდო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ გამართული იყოს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად მინდა საუკეთესოდ გაკეთდეს. არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს. არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს. ისეთი გუნდი გაკეთდეს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს "დინამო“, არ და ვერ გავაკეთებ რომ იგივე მდგომარეობაში მყავდეს. ასევე, საუბარი იყო დიღმის ბაზის დანგრევასა და კორპუსების შენებაზე. ეს გამაოგნებელი იყო. განცხადება ვნახე სოციალურ ქსელში. [ვლადიმერ] გუცაევს დიდ პატივს ვცემ წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია.

არასდროს გავაკეთებ ამას და არავის ვურჩევდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს. თუ ვინმეს ახალი ბაზა უნდა, ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, რომ ახალი საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. ეს ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დედაქალაქის მერი "თბილისის დინამოს“ ყიდვით არის დაინტერესებული. კერძოდ, “შაბათის ფორმულას” ცნობით, პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება. ის მზად არის 50% წილი ახალ ინესტროს გადააბაროს. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით, ახალი ბიზნეს პარტნიორი მის შემოთავაზებებს უნდა დათანხმდეს.

“შაბათის ფორმულას” ცნობით, კახა კალაძემ ამ ეტაპზე დინამოს გადაფორმება მეგობარ ბიზნესმენს სთხოვა.