ავტორი:

ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"

ყინულში გამომწყვდეული უძველესი "ზომბი ვირუსები" შეიძლება "გაცოცხლდნენ" - "ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ"

მეცნიერები ჯანმრთელობის გლობალური საფრთხის მოლოდინში არიან და შეშფოთებას ვერ მალავენ. მათი ვარაუდით, ანტარქტიდის და არქტიკის ყინულის დნობამ შესაძლოა, უძველესი ვირუსები გამოათავისუფლოს და მსოფლიოს მასშტაბით საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდეს.

"ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ და მზად უნდა ვიყოთ მასთან გასამკლავებლად", - განუცხადა Guardian-ს მარსელის უნივერსიტეტის მედიცინის და გენომიკის პროფესორმა, ჟან-მიშელ კლავერიმ.

ექსპერტები არქტიკის უნივერსიტეტთან უკვე თანამშრომლობენ, რათა შექმნან მონიტორინგის ქსელი, რომელიც უძველესი მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული დაავადებების ადრეულ იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.

ქსელი ასევე უზრუნველყოფს საკარანტინო ობიექტების გახსნას და ინფიცირებულთათვის სამედიცინო მომსახურებას, რათა პოტენციური ეპიდემიის აფეთქება მინიმუმამდე შემცირდეს.

ე.წ. მეთუზალაჰის მიკრობებს, ასევე ცნობილს, როგორც "ზომბი ვირუსებს" შეუძლიათ, გაყინულ ნიადაგში ათიათასობით წლის განმავლობაში იცოცხლონ:

"მუდმივი ყინვის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ ის ცივია, ბნელი და ჟანგბადი აკლია, რაც ბიოლოგიური მასალის შესანახად შესანიშნავი პირობებია", - თქვა კლავერიმ. "შეიძლება იოგურტი ჩატოვო ყინულში და 50 000 წლის შემდეგაც კი საკვებად გამოსადეგი იყოს".

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყინულის ღრმა ფენები შესაძლოა იმ ვირუსებს ინარჩუნებდეს, რომლებიც დედამიწაზე მილიონობით წლის წინ არსებობდნენ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ადამიანების უძველესი წინაპრები გამოჩნდებოდნენ. ამიტომაც, მათი თქმით, ადამიანებს არ ექნებათ პრეისტორიული ვირუსების საწინააღმდეგოდ ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი.

"ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა არასდროს ყოფილა ზოგიერთ ამ მიკრობთან კონტაქტში და ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი რამაა... ის სცენარი, რომ შესაძლოა ნეანდერტალელების უცნობი ვირუსი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა უკვე რეალური გახდა", - განაცხადა კლავერიმ.

ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ "ზომბი ვირუსის" გავრცელების საფრთხის სიმცირესთან ერთად, შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს:

"ჩვენ არ ვიცით ყინულში რა ვირუსებია შემონახული, მაგრამ ვფიქრობ, იმის რეალური რისკი არსებობს, რომ ის რაიმე პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს, მაგალითად, პოლიომიელიტის უძველესი ფორმის", - აცხადებს ვირუსოლოგი მარიონ კუპმანსი ერასმუსის სამედიცინო ცენტრიდან.

პოლიომიელიტი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე რთული ფორმით პარალიზით ვლინდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ სიკვდილიც.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა