ავტორი:

"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?

"იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი. მის ბაზაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება" - რა გადაწყვიტა მთავრობამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე?

22 იანვარს მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ყოფილი "რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. მისი განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი კი დასაქმდება.

"სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მდგომარეობა - როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". პირადად მინისტრის კოორდინაციით, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

"ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებთ, 5 სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული სხვადასხვა დასკვნის მიხედვით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ შეუძლია დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება.

"ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც იყო ამავდროულად ჩვენი კონსულტანტი იმ ნაწილში, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა და ამ დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში არის ჩასატარებელი, არახარჯთეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა ამ კლინიკის რეაბილიტაცია. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის. ასევე, მინდა დავამატო, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს იმ ფასადმაც კი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს, დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული და აქ გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც არის მითითებული, რომ გადაუდებლად აუცილებელი და საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“, - განაცხადა აზარაშვილმა.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ. აზარაშვილის განცხადებით, საკითხზე სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

მისივე თქმით, "სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება“.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. ასევე, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.