ავტორი:

"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" - რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე

"იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, უნიჭიერესი  ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტიო" -  რას იხსენებს "კვირის პალიტრის" თანამშრომელი გიორგი კეკელიძის პირველ ნაბიჯებზე

გაზეთ "კვირის პალიტრის“ თანამშრომელი ელენე სარალიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გიორგი კეკელიძეს შესახებ წერს. ქალბატონი ელენე თავის წერილში იხსენებს იმ დღეს, როდესაც გაზეთის რედაქტორმა ლალი გუნთაიშვილმა მისი ლექსები გადასცა და მოუყვა გურიიდან ჩამოსულ ბიჭზე, რომელიც მისი თქმით, უკვე ნაღდი პოეტი იყო...

ელენე სარალიძე:

"მე ჩემი გიორგი კეკელიძე მყავს, თქვენ?..

დიახ, გიორგი კეკელიძე ჩემი უმცროსი მეგობარია... საუკუნის დასაწყისში "კვირის პალიტრაში“ ლიტერატურულ გვერდს ვამზადებდით. ერთხელაც გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ამ ქვეყნიდან ადრე წასულმა უნიჭიერესმა ლიტერატორმა ლალი გუნთაიშვილმა (იმ დროს მისი თანაშემწე გახლდით) ხელნაწერი ლექსები გადმომცა და მითხრა, ერთი უნიჭიერესი პირველკურსელი ბიჭია, გურიიდან ჩამოსული, უკვე ნაღდი პოეტი, ააკრეფინე თავიდან ბოლომდე და ლიტერატურულ გვერდში უნდა გავუშვათ. იცოდე, არაფერი შეცვალოო!.. იცი, რა კარგად წერს? სულ სხვანაირადო!.. - თვალებში სხივი ჩაუდგა.

მერეც, გიორგის ხსენებისას თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე. კიდევ, გოდერძი ჩოხელის მოთხრობებსა და ლექსებს ულოცავდა გზას მკითხველისკენ. არადა, მაშინ მხატვრული ნაწარმოებები თითქმის არსად არ იბეჭდებოდა. თვეში ერთი გვერდი გვქონდა წყალობასავით ლიტერატურის მოყვარულთ. ამ გვერდს ლალისვე არჩეული რუბრიკა ამშვენებდა: "უბრალოდ - ფრაზა...“.

მცირე ხნის შემდეგ ჩვენმა ლიტერატურაზე შეყვარებულმა მთავარმა რედაქტორმა ცნობილ ლიტერატორებთან მანანა ჯანელიძესა და თამარ მამაცაშვილთან ერთად ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრაც“ დააფუძნა და მრავალ წელიწადს ქართველი მკითხველი ამ ჟურნალით იღებდა სულიერ საზრდოს. მასში გიორგი კეკელიძის ლექსებიც არაერთგზის დაიბეჭდა... დღეს, სამწუხაროდ, "ლიტერატურული პალიტრა“ აღარ გამოდის! თუმცა, ეს სხვა თემაა და ახლა რატომღაც ვფიქრობ, რომ გიორგი კეკელიძე ამ ჟურნალსაც უპატრონებს!..

მახსოვს, "ლიტერატურული პალიტრითაც“ გავაცანი მკითხველს მისი ლექსები. გულახდილი ინტერვიუ გამოგვივიდა. ბაბუაზეც მაშინ გამიმხილა ის წარმოუდგენელი ელდა, რომელიც, მე ვერ შევძელი მკითხველისთვისაც გამემხილა. დღესაც არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა... გიორგის ლექსებზე ხომ სამადლობელს უამრავი მკითხველი გვწერდა... მოგვიანებით, მისი "გურული დღიურების“ პირველი წიგნიც რამდენიმე ეპიზოდით ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალ "ისტორიანითაც“ გავაცანით მკითხველს. არასოდეს აკლდა პოპულარობა, მაგრამ არც თავში ავარდნია... ზღაპრებიც ხომ მართლაც საზღაპრო დაუწერა ჩვენს პატარებს... ერთი სიტყვით, ისეთი შემოქმედი და მოღვაწეა (დიახ, მოღვაწე! არ შემრცხვება ამ სიტყვის წარმოთქმა, როცა გიორგი კეკელიძეზე ვლაპარაკობ!), როგორებიც სწორედ დღეს ასე გვაკლია!.. გიორგი საჯარო ბიბლიოთეკითა და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დატვირთული... ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, თბილისთან ახლო სოფელში სახლიც შეუძენიაო (დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი იპოთეკური სესხით)... გიორგი კეკელიძე დღეს უკვე დაღვინებული კაცია, უდიდეს საქვეყნო საქმეს შეჭიდებული, საკუთარი ხელით და ზურგით დააქვს განათლებისა და წიგნის მოყვარული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ყველა ასაკის ადამიანისთვის სოფელ-სოფელ წიგნები, კომპიუტერები და ხშირად საკვები და სამოსიც. არც მიტოვებული მოხუცები ავიწყდება და ასევე ერთ დროს უპატრონოდ მიტოვებული ბიბლიოთეკები... არაერთი ნიჭიერი მოსწავლე და ახალგაზრდა იღებს მის მიერ დანიშნულ ყოველთვიურ სტიპენდიას... გიორგი ამავდროულად მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შედევრებზე უკითხავს ლექციებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ღია გაკვეთილებს ატარებს სკოლებში... მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ქალაქში მოეწყო მისი თაოსნობით ქართული წიგნის კუთხეები, ბიბლიოთეკებიც... გიორგი კეკელიძე ახლაც უამრავ წერილს იღებს პატარა მკითხველებისგან, საკუთარი მოსწავლეებისგან, რომელთაც ქვეყნისა და წიგნის სიყვარულს ასწავლის. გიორგი კეკელიძეს გაწაფული თუ გაუწაფავი ფუნჯითა და უბრალო ფანქრით ხატავენ მისი გულშემატკივრები... ჰოდა, მეც, პოლიტიკისგან ძალიან შორს მყოფ ლიტერატორ ქალს, მინდა, მჯეროდეს, რომ სიყვარული მართლა წაღმა ატრიალებს ქვეყანას და რომ გიორგი კეკელიძე დღეს ფეხზე ისე მყარად დგას, როგორც არასდროს!...

გიორგიმ ხომ შეძლო, სიცოცხლისკენ მოებრუნებინა უამრავი ახალგაზრდა! აბა, ამ სტრიქონებს გადაავლეთ თვალი: "გამარჯობა. მინდა გადაგიხადოთ მადლობა, მე თქვენმა ინტერვიუებმა გამომიყვანა ჯოჯოხეთიდან, რასაც დეპრესია ჰქვია... მე თქვენ სუიციდისაგან მიხსენით. ვინმეს თუკი გამოადგება ჩემი გამოცდილება, მეც მზად ვარ, ღიად ვისაუბრო“... ეს ამბავიც ხომ ვიცით და გულს გვიგლეჯს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ვერ ვუფრთხილდებით და იქით ვტკენთ გულს, იმის ნაცვლად, რომ ცხოვრების ურთულესი გზის დაძლევაში თუ ვერ დავეხმარებით, ხელი მაინც არ შევუშალოთ!..

მე შენი იმედი მაქვს, გიო, მშვიდობის გზა გქონოდეს, რომელიც შენთვის ახალი არ არის! პირიქით, ამ გზის თითოეული "ჩასაფრებული“ გუბე თუ ქვაღორღიანი მონაკვეთი შენთვის კარგად ნაცნობია, იმდენად კარგად, რომ თვალახვეულსაც არ გაგიჭირდება მისი გავლა!იმათ იკითხონ, ვისთვისაც ქართული წიგნი და ქართული ლექსი გაუგებარი იეროგლიფებით აწყობილი თაროებზე ჩამორიგებული ძვირფასყდიანი გამოცემებია და მეტი არაფერი!ქართულ წიგნს და რაღა თქმა უნდა, მსოფლიო კლასიკას საქართველოში დღეს ნამდვილი პატრონი ჰყავს! იგი ჩვენი გიორგი კეკელიძეა, უკვე კომპანია "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოში "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ხელმძღვანელი!..

დანარჩენს არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ მოეხსენება დაინტერესებულ პირთ, რომელთა უმეტესობას კეთილგანწყობა და მომავლის იმედი აკავშირებს გიორგი კეკელიძესთან, მის შემოქმედებასთან, მის საქვეყნო საქმეებთან, მის კაიკაცობასთან, რაც ასე იშვიათი გამხდარა დღეს!..

დაბოლოს, ერთი მოზრდილი აბზაცი მწერლის მომავალი წიგნიდან, რომელსაც წერილები ჩემი ბავშვობიდან ჰქვია, და რომელიც უკვე მერამდენედ, სასიამოვნოდ გააოცებს შენს ერთგულ მკითხველს, ჩემო გიორგი: "ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვირს და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? - ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ - მითხრა ბებიამ - ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? - ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ - მითხრა ბებიამ და დაფიქრდა - იმიტომ რომ, შენ წაბლისფერი თვალები გაქვს“.

და მეც, უკვე ღვთისმშობლის მხევლად ქცეული შენი უძვირფასესი ნათელა ბებიას მსგავსად მჯერა, შენი სიტყვები რომ მოვიშველიო, სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარხარ, რადგან წაბლისფერი თვალები გაქვს!.. ჰო, კიდევ ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ არ დაგღლით. დანარჩენს ჩემს დიდ ესეიში მოვუყრი თავს, რომელსაც მკითხველს ჩემთვის ძვირფას შემოქმედთადმი მიძღვნილი ტექსტებისა და ინტერვიუების წიგნით შევთავაზებ მათ, "ვისაც ლიტერატურა უყვარს“!..

P.S. ნახატებზეც ვწერდი და არ შემეძლო, ერთი ფოტორეპროდუქციაც არ ჩამერთო დღევანდელ გულახდილ ტექსტში. ეს ნახატი თელაველ მხატვარს, ნატო კირვალიძეს გამოუგზავნია საჩუქრად გიორგი კეკელიძისთვის. ნახატს გიორგის ეს კომენტარიც ახლავს: "არ დავიზარე და დავთვალე - უკვე 253 პორტრეტი მაქვს - რაოდენობა ხომ მაკვირვებს და მიზეზიც არანაკლებ - ჩემი ხატვის. თუმცა, ცხადია, რომ მადლობა და თან ძალიან დიდი“.უამრავ ნახატს ხომ უამრავზე უამრავი სიყვარული მოჰყვება.და ასე, სწორედ ასე დადის დედამიწაზე სიყვარული!“