ავტორი:

"საიდან გაიშიფრა, რომ "მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო? მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები" - იუსტიციის მინისტრი

"საიდან გაიშიფრა, რომ "მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო? მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები" - იუსტიციის მინისტრი

საუბარი იყო, თითქოს ["წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“] დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც რა თქმა უნდა, სწორი არაა - მისი სახელი და გვარი საერთოდ არ იყო ნახსენები, ნახსენები იყო "მისტერ C“ და ალბათ, გარკვეული ფსევდონიმი ჰქონდა, არ ვიცი, საიდან გაიშიფრა, რომ "მისტერ C“ მიხეილ სააკაშვილი იყო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის თანახმად, დადებითადაა შეფასებული "ბატონი C“-ის [მიხეილ სააკაშვილის] ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა და აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი.

"CPT-ის ["წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“] დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა "ვივამედის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არსებულ ღია თანამშრომლობის თაობაზე. ასევე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადად საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად. ასევე, აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, ასევე აღინიშნა, რომ სამედიცინო პერსონალსა და მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტებს შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულებაა. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი გამოვლენილა; ასევე მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტებს შორის ძალადობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა. აღინიშნა, რომ კლინიკაში არსებული განთავსების პირობები მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის ადეკვატურია. ასევე, პალატების ზომებზე იყო ყურადღება გამახვილებული და ნათქვამი იყო, რომ ისინი არის სტანდარტებთან შესაბამისობაში და პალატებში სისუფთავეა; ასევე ვენტილაცია კარგად მუშაობს და მოწესრიგებულია სველი წერტილები. პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ტანსაცმელი. ასევე, საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული "ბატონი C“-ის ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა. აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი მაგიდით, სკამით, დივნით, ტელევიზორითა და მაცივრით. ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდათ, რაც სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, "CPT-ის დელეგაციის ვიზიტი კლინიკაში განხორციელდა 25-27 მარტს განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ კი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკიდან გაყვანაზე უარი 12 მაისს უთხრა“.

"ეს არის მოკლე პასუხი, რომელიც ყველა კითხვას პასუხობს თითქოს არაადამიანურ მოპყრობაზე, დამთრგუნველ გარემოსა და ა.შ.“,- განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ "წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც "ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. დოკუმენტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, რომელსაც ანგარიშის ავტორები, როგორც "პაციენტ C”-ს მოიხსენიებენ დოკუმენტის თანახმად, დელეგაციამ, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა.

"კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები კლინიკის "ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების) ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს“,- აღნიშნულია ანგარიშში.