"საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ხანძარმა ხელოვნების მუზეუმი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სოხუმის სამხატვრო გალერეაში 4000-ზე მეტი ნახატი დაიწვა", - ასე ეხმიანება BBC ოკუპირებულ აფხაზეთში დატრიალებულ უმძიმეს ამბავს და მკითხველს დეტალურად აცნობს ინფორმაციას მომხდარის შესახებ.
"მე-20 საუკუნის დასაწყისის ხის შენობაში, აფხაზური ხელოვნების მთელი კოლექცია იყო განთავსებული. შენობაში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. გამომძიებლების თქმით, ხანძარი შესაძლოა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ძლიერი ცეცხლი. განადგურებულ ნამუშევრებს შორის იყო ცნობილი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300 ნახატი.
ეროვნული გალერეის დირექტორმა სურამ საკანიამ განაცხადა, რომ 1990-იანი წლების ომის შემდეგ, აფხაზეთს ასეთი გამოუსწორებელი დანაკარგი არ ჰქონია.
"ამ კოლექციას 1963 წლიდან ვაგროვებთ და წამებში ფერფლად იქცა. ასეთი ტრაგედიაა აქ, ჩვენთან, აფხაზეთში“, - ამბობს ის.
ადგილობრივი მხატვრები დიდი ხანია ითხოვდნენ უფრო შესაფერის ადგილს უნიკალური კოლექციის შესანახად. რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს დაჰპირდა, რომ გაგზავნის რესტავრატორებს გადარჩენილი150 ნახატის აღსადგენად", - წერს BBC.