ავტორი:

"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ - რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"

"ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით“ -  რა დაიწვა და რა გადარჩა: რა ხდება აფხაზეთში და როგორია ადგილობრივების რეაქცია ხანძარზე, რომელმაც ხელოვნება "წაშალა"

21 იანვარს სოხუმში, ხელოვნების მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილობრივი მხატვრების ნახატების სრული უმრავლესობა განადგურებულია. 4000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150-ის გადარჩენა მოხერხდა.

  • "დავდივარ და ვტირი. ეს საშინელებაა. მეხანძრეების თქმით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. ყველა სურათი დაიწვა. ჩვენთვის შეუვსებელი ზიანია. შეუძლებელია იმ ზარალის შეფასება, რომელიც აფხაზეთის კულტურას მიადგა“, - განაცხადა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა სურამ საკანიამ.

"შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. შენობის მეორე სართულზე, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის გალერეის ფონდის 4 000 ეგზემპლარი იყო. აქედან 300-მდე ალექსანდე ჩაჩბა-შერვაშიძის ნამუშევარი. ეს გამოუსწორებელი ზიანია, რომელიც ვერასდროს აღდგება. ცრემლები მახრჩობს, მიჭირს საუბარი“, - ამბობს ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დინარა სმირი "აპსნიპრესთან“ საუბრისას.

  • სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი 03:38 საათზე შევიდა. მეხანძრეებმა სოხუმიდან, გადაუთადან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან ხანძრის ჩაქრობა დილის 7:00 საათისკენ შეძლეს.

გადარჩენილ ნახატებს შორისაა ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ვიქტორ შეგლოვი, ხუტა ავიძბა, სერგეი სანგალოვი, სერგეი გაბელია, ბესარიონ ცვიჯბა და სხვები.

დინარა სმირის თქმით, ალექსანდე შერვაშიძე-ჩაჩბას ვერც ერთი ნახატი ვერ გადარჩა.

ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გენერალურ პროკურატურას ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაავალა.

რა კომენტარები მოჰყვა ამბავს?

  • დმიტრი გაბელია - აფხაზი პოეტი

"გაძარცვულია გულიას სახლ-მუზეუმი. გაყიდულია არქეოლოგების მთავარი საცავი. დამწვარია ნახატების გალერეა. ჩვენი კულტურა ჩვენვე დავმარხეთ, ჩვენსავე დაკრძალვაზე აღმოვჩნდით.“

  • იური ანჩაბაძე - ისტორიული მეცნიერებების დოქტორი

"არ შემიძლია სუნთქვა, ტირილი მინდა.“

  • როინ აგრბა - ჟურნალისტი

"თქვენ უბრალოდ მითხარით - რომელ პლანეტაზე ცხოვრობს ჩვენი კულტურის მინისტრი?! რაც თავი მახსოვს, ამ გალერეის თანამშრომლები დახმარებას ითხოვდნენ!! ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ისინი ამბობდნენ, რომ ფონდი საშინელ მდგომარეობაშია. იღუპება შეუფასებელი ნიმუშები. მე თვითონ ნახევარი წელი ფონდის დამცველად ვიმუშავე და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ მდგომარეობაში "ინახებოდა“ ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ იმ დროიდან (1996) ითხოვდნენ, ყვიროდნენ, იხვეწებოდნენ, რომ ფონდს დახმარებოდნენ. რამდენი წერილი იყო?! თქვენ, ყველამ, ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ჩაიდინეთ ეს დანაშაული“.

  • ნაირა ამალია - საზოგადო მოღვაწე

"ახლა შეგვიძლია ჯანსაღად ვიაზროვნოთ. მოდით, რიგითობით განვიხილოთ სიტუაცია.

მიზეზი და შედეგი.

პირველი კითხვა და ვფიქრობ, ის არის მთავარი.

იცით რას ვერ ვიგებ? ნახატები, რომლის ფასი ხალხმა ხანძრის მერე გაიგო, რატომ ინახებოდა საშინელ პირობებში?! რატომ იბარებდნენ ასეთ პირობებში?!

ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში თითქოს რემონტი იყო, გვერდზე მყოფ ბანკის შენობაშიც, თითქოს რემონტი იყო, მაგრამ რა უნდა გაყვანილობას სხვენში, ნახატების შენახვის ტემპერატურაც, ვგონებ, ასევე უარყოფითი იყო.

ხელისუფლებამ, რომლისგანაც ჩვენ კარგს არაფერს ველოდებით, გადაწყვიტა კრიპტოვალუტა მოიპოვოს და ისედაც სუსტი ენერგოსისტემა სულ გაანადგუროს. ახლა კი სადგურიდან სადგურზე გადართვა, დენის მოვარდნები იწვევს მოკლე ჩართვებს და ხშირ ხანძრებს ძველ სახლებში. ამის შესახებ ხომ ყველამ კარგად ვიცით?! ზუსტად ეს მოხდა მუზეუმის შემთხვევაშიც, თუ განზრახ ხანძარს არ ჩავთვლით...“

კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც:

"რაც შეეხება რუსეთს და "რუსულ მშვიდობას“, გადაიქცევა ფერფლად, გინდ ეს აფხაზეთი იყოს, გინდ დონბასი ან სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ტრაგედია - კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვაა. გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის პირდაპირი შედეგია".

  • როდის დაარსდა მუზეუმი?

1963 წლის 20 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმში, ნახატების ეროვნული მუზეუმი უნდა შექმნილიყო.

მის შექმნაში დიდი როლი ითამაშა სოხუმელმა ექიმმა ეზეკიელ ფიშკოვმა. მან გალერეას თავისი სახლის ნაწილი და 60 ნახატი აჩუქა.

1964 წლის 17 მარტს მუზეუმი გაიხსნა. აფხაზმა ხელოვანებმა გალერეას თავიანთი ნამუშევრები გადასცეს. სამ დარბაზში 100 ნახატი და 20 ქანდაკება განთავსდა. წლებთან ერთად კოლექცია იზრდებოდა.

მოგვიანებით, მუზეუმი ლოკობოას ქუჩაზე გადაიტანეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე