ავტორი:

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - "პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს კიმ ჩენ ინის მიმართ"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინის მიწვევით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა - ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"პრეზიდენტი პუტინი ღრმა მადლიერებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ კიმ ჩენ ინმა იგი ფხენიანში მიიწვია" - ნათქვამია KCNA-ს განცხადებაში.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონგ ჰუი რუსეთს ეწვია. მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მოგვიანებით კი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ საუბარი "ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს" შეეხო.

  • შეგახსენებთ, რომ The Guardian, ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის პორტში კონტეინერებით დატვირთული სამი რუსული გემი შენიშნეს. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა იყო კონტეინერებში.

დასავლური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას ცდილობდა. ვაშინგტონის თქმით, ასეთ შემთხვევაში, შეერთებული შტატები დამატებით სანქციებს დაუწესებს როგორც ფხენიანს, ასევე მოსკოვს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბრალდებები უარყვეს. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეული იარაღი უკრაინის ფრონტზე არ გაიგზავნება.