ავტორი:

"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების ექთან გოგონას, რომელიც ტაძარში გამოძახებაზე მივიდა, მამაკაცმა ხელი სთხოვა. შემთხვევა გურიაში მოხდა, ქალი ნინო მოისწრაფეშვილია, კაცი ჰენრი ვადაჭკორიაა.

წყვილი ოთხი წელია, რაც ერთმანეთს იცნობს და მათი სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. გუშინ კი ისინი მთელმა საქართველომ გაიცნო. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცისგან მსგავს სიურპრიზს არ ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 13 იანვარს მოხდა, ემოციების გარეშე საუბარი აქამდე უჭირს...

ნინო მოისწრაფეშვილი:

- პროფესიით ექთანი ვარ, 27 წლის. მაისში სამი წელი გახდება, რაც ლანჩხუთში სასწრაფო დახმარების სამსახურში ვმუშაობ. წარმოშობით ლანჩხუთის რაიონიდან ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. თბილისში რამდენიმე წელი ვსწავლობდი, ცოტა ხანი ვმუშაობდი კიდეც და შემდეგ ისევ ლანჩხუთში დავბრუნდი.

- რამდენი ხანია, რაც ჰენრის იცნობთ?

- დაახლოებით, 4 წლის წინ გავიცანი. „მედ ალფაში“ ვმუშაობდით ერთად. ჰენრი პროფესიით ეკონომისტია, ჩვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო.

- და როგორ მიხვედით ეკლესიაში ხელის თხოვნამდე?

- ეს ამბავი 13 იანვარს მოხდა, უბრალოდ, ვიდეო გუშინ გამოვაქვეყნეთ. იმ დღესაც ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, სოფელ ორაგვიდან, სადაც ეკლესიაა, ზარი შემოვიდა გამოძახებაზე. ვიცოდი, რომ ჰენრი იმ ეკლესიაში გალობდა, მხოლოდ ეს ინფორმაცია მქონდა. როდესაც ადგილზე მივედით, ტაძარში საოცარი სიჩუმე დამხვდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჰენრიც იქ იყო, თორემ იმის იქით, არაფრის მოლოდინი არ მქონია.

კადრებში ჩანს, რომ მამაოს წნევას ვუზომავდი, თურმე ესეც დადგმული ყოფილა და ცუდად არ ყოფილა. იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე, ახლაც ვერ აღვიქვამ ვერაფერს.

- ნინო, რა იცოდნენ სასწრაფოს გამოძახებისას, რომ ეკიპაჟს თქვენ მოყვებოდით?

- ესეც დაგეგმილი ყოფილა. ყველას სცოდნია, სასწრაფოში მორიგეებსაც. არც ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერება იყო, რომ ვერც კი გადმოვცემ.

- მანამდე თუ გისაუბრიათ თქვენ და ჰენრის დაოჯახებაზე?

- კი, მაგრამ ასე არაფერი დაგვიგეგმავს. თან ასე მალე არ ველოდი.

- როგორი რეაქცია გქონდათ, მამაოს წნევას უზომავთ, მოიხედეთ და საყვარელი მამაკაცი ბეჭედით დაჩოქილი გხვდებათ...

- გეუბნებით, ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა. თავი სიზმარში მეგონა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ეს მართლა ხდებოდა თუ არა.

- მე მგონი ტაძარში ხელის თხოვნა პირველად ნახა ერმა...

- მართლა პირველად მოხდა, არც კი გამიგია აქამდე. ჰენრი ძალიან კრეატიული ადამიანია და მსგავსი რაღაცების მოფიქრება შეუძლია. დღემდე ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასწაული მოხდა, იმდენად კარგი იყო ყველაფერი.

- თქვენს ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ვიდეო ნახეს?

- დედას გავუგზავნე მაშინვე და ვთხოვე ენახა, მაგრამ ვერ გახსნა. დამირეკა, რა ხდებაო. როდესაც მოვუყევი, ძალიან გაუხარდა ოჯახს.

- უკვე იქორწინეთ თქვენ და ჰენრიმ?

- არა, ამჟამად ისევ შეყვარებულები ვართ, მაგრამ ალბათ მარხვამდე ერთად ვიქნებით და ქორწილსაც გადავიხდით. მთელმა საქართველომ გაიგო ჩვენი ამბავი, იმდენი დადებითი კომენტარია, მეორე დღეა ვკითხულობ, ძალიან ბედნიერი ვარ.

- ალბათ ის მამაო დაგწერთ ჯვარს, რომელიც გამოძახებაში მონაწილეობდა, თითქოს ცუდად იყო...

- დიდი ალბათობით დიახ, სხვანაირად არც გამოვა.

- როგორ გაგრძელდა 13 იანვარს თქვენი სამუშაო დღე, სამსახურში დაბრუნდით?

- დიახ, ჩვენ ყველა გამოძახებაზე მაქსიმუმ 30 წუთი გვაქვს დრო, რომ ადგილზე გავჩერდეთ. უცებ დავბრუნდით ოფისში, სადაც უკვე ყველაფერი იცოდნენ. ჟრიამულით დამხვდა ყველა. ისინიც ჩართულები იყვნენ ამ ამბავში... დილიდან ისე ჩურჩულებდნენ, რომ გაოცებული ვიყავი, ცოტა მეწყინა კიდეც, რომ რაღაცას მიმალავენ-მეთქი. თურმე რაში ყოფილა საქმე...