ავტორი:

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების ლიდერებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების ლიდერებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ გახსნეს.

ცესკო-ს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა უშუალოდ ტექნოლოგიის უპირატესობების შესახებ და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მათ ინფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დანერგვასთან დაკავშირებით. დისკუსიამ და კითხვა-პასუხმა, რომელიც წარიმართა ცხადყო, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ტექნოლოგიები სრულად გამართულად ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტანდარტებით და პასუხობს კარგ პრაქტიკას, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს. სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთან მიმართებით არ არსებობს არსებითი წუხილი, რაც დამატებით დახვეწას ან გადახედვას საჭიროებს,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცესკო-ს ინფორმაციით, 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტისა და მისი შედეგების, ასევე საერთაშორისო ვენდორი კომპანია “სმარტმატიკის“ გამოცდილების, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების უპირატესობების შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს თავად „სმარტმატიკისა“ და „Pro V&V“-ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. აღსანიშნავია რომ საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები აღნიშნულ შეხვედრას ცესკოს მოწვევით ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას 40-მდე პოლიტიკური პარტიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება, 23 იანვარს, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ტექნიკური მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.