ავტორი:

"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?

"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?

20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა დაასრულა. ამისთვის დასჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი (6250 კოლოფი) ასანთის ღერი... შექმნა SpaceX Starship -ის, ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ანალოგიური კონსტრუქცია, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, კონსტრუქცია შეიცავს რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს...

"თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში მეორეა, გთხოვთ შემიფასოთ" - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე.

ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე აბუსელიძე 20 წლისაა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-2 კურსის სტუდენტი, ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრი, 2020-2021 წლებში სკოლა "ნიკე"-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე, დაამთავრა საერთაშორისო კოლეჯი ,"გოლდენ შეა", მზარეულის სპეციალობით. 2018-2019 წლებში ფორუმ "გაეროს ასამბლეის" ლიდერი დელეგატი იყო. გაიარა საკვალიფიკაციო ტრენინგები-ბრიუსელის BXL აკადემიასა და პრაღაში - ლონდონის ინსტიტუტში 2019 და 2022 წლის პერიოდში...

  • ალექსანდრე აბუსელიძე თავის მასშტაბურ ნამუშევარზე და სხვა მიზნებზეც გვესაუბრა...

- ალექსანდრე, როგორც კონსტრუქტორს უკვე ბევრი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი ასანთის ღერებისგან...

- დიახ, პირველი იყო საზაფხულო სახლი, რომელიც 12 000 ღერისგან არის აგებული. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დახვეწილი აგების ტექნიკა. მეორე იყო ემფაიერ-სთეით-ბილდინგი, რისთვისაც სამი თვე და 13 000 ასანთის ღერი დამჭირდა. შემდეგ იყო ელექტრონული წისქვილი, რომელშიც პირველად გამოვიყენე ელექტრობა, დავამონტაჟე განათება და ბორბალი, რომელიც ბრუნავს. შემდეგ უფრო მასშტაბური მაკეტების გაკეთება დავიწყე: სკოლა "ნიკე", რომელიც დავასრულე, 41 000 ასანთის ღერისგან ავაწყვე. ყველა კლასი და გარეთა სივრცე ნამდვილის იდენტურია. ავაწყვე ბიგ-ბენის მაკეტიც, რომელიც ორიგინალის ზუსტი ასლია, რისთვისაც 8000 ღერი გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი მუშაობს. ყველაზე შთამბეჭდავი და ურთულესი იყო "ვიზ ეარის" თვითმფრინავის მოდელი "ა 320", 21 000 ასანთის ღერით. ზუსტი და ანალოგიის არმქონე მაკეტია. რეკორდულად სწრაფ დროში, სამ კვირაში ავაწყვე.

საბოლოო ყველაზე მასშტაბურია "როიალ კარიბიანის" საკრუიზო ლაინერი 100 000 ასანთის ღერისგან, რომელშიც არის რესტორანი, სკვერი, მანათობელი კონსტრუქცია, ვერტმფრენი.. ამისთვის სამი თვე დამჭირდა.

- ახლახან შექმნილ მასშტაბურ ნამუშევარზე გვიამბეთ...

- მას შემდეგ, რაც ავაწყე როიალ კარიბიანის საკრუიზო ლაინერი, რომელიც მოიცავს 100 000 ღერს, რომელმაც ასევე მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება და დაიმსახურა მოწონება, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამეგო მეტად მასშტაბური და ამჯერად მაღალი კონსტრუქცია, რომელიც მსურდა კოსმოსთან დამეკავშირებინა. ამიტომ გადავწყვიტე ამეწყო ილონ მასკის ცნობილი კოსმოსური ხომალდი - SpaceX Starship, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმზეა... აღნიშნულ კონსტრუქციას ვაშენებდი 1 წლის მანძილზე, ყოველდღე 1000-2000-მდე ასანთის ღერი ემატებოდა კონსტრუქციას და საბოლოოდ დაიხარჯა 300 000 ასანთის ღერი. სიმაღლე თითქმის 3 მეტრია...

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- სირთულე იყო ვიზუალურად იდენტური დეტალების შექმნა, რომლებიც მთავარ კონსტრუქტაჟს სათითაოდ ემაგრებოდა. მოგეხსენებათ, ასანთისგან - ოვალური, სამკუთხა, რომბული ფიგურების ამოჭრა საკმაოდ რთულია... კონსტრუქციის შიდა ლანდშაფტურ ნაწილში არის ლიფტის იმიტაცია საკონტროლო პუნქტზე ამსვლელის... უახლოეს მომავალში ვაპირებთ დავუკავშირდეთ უცხოურ მედიებს და პირადად მივაწვდინოთ ხმა ილონ მასკს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი გამომივა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - ვფიქრობ ერთი წელი დავისვენო და ახალი, მეტად დახვეწილი კონსტრუქცია 2025 წლისთვის მოვამზადო, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა იქნება... უბრალოდ, ეს ჰობი არის ჩემთვის, განტვირთვის საშუალება სწავლისგან, ახალგაზრდული სამსახურისგან. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ ავირჩიე კოსმოსური ხომალდი - 2 წლის წინ თვითმფრინავი, 1 წლის წინ საკრუიზო ლაინერი და ახლა რაკეტა, ასე მივყვები, შესაძლოა მატარებელიც ავაწყო სამომავლოდ.

- წლის "ხელოვანი ბათუმისთვის" გახდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ეს არის ჯილდო, რომელიც ქალაქ ბათუმის მერიამ მომანიჭა, ხალხის წარდგინებით და კონკურსის საფუძველზე გავიმარჯვე, დიდი მადლობა ყველას შრომის დაფასებისთვის...

- ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდით, გვიამბეთ ამის შესახებ...

- დიახ ჩინეთში, კერძოდ, შანხაისა და ლიანუნგანგში, საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის ფარგლებში გამოვედი სიტყვით და წარვადგინე ქალაქი ბათუმი, რომელიც არის ლიანუნგანგის ე.წ. ,,საძმო" ქალაქი. ,,მრგვალი მაგიდის" გარშემო წარმოდგენილი იყო 24 ქვეყნის წარმომადგენელი. ჩინეთში ვიმყოფებოდი როგორც მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, კონფერენცია იყო ახალგაზრდული, რიგით მეორე.

- არაერთი ახალგაზრდული პროექტის ავტორი, ორგანიზატორი ხართ...

- ჩემი მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე ვიქნები დამაკავშირებელი ,,ხიდი" ახალგაზრდებსა და აღმასრულებელ ორგანოს შორის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყო მათი უნარ-ჩვევების განვითარებაში, მივცე მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი თავი, დავეხმარო რიგი ახალგაზრდული პროექტების, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მიხარია, როდესაც ვხედავ მეტ წარმატებულ და განვითარებულ ახალგაზრდას, აქედან გამომდინარე, მე ვარ და ვიქნები ჩვენი მომავალი თაობის გვერდით. "