ავტორი:

"ცნობილი სახეების დახატვა მარკეტინგულად სწორი გათვლა იყო" - მხატვარი ძმები "ტიკტოკიდან": ახლოს გაიცანით ვალეტოვები, რომელთა შემოქმედება ინტერნეტს იპყრობს

"ცნობილი სახეების დახატვა მარკეტინგულად სწორი გათვლა იყო" - მხატვარი ძმები "ტიკტოკიდან": ახლოს გაიცანით ვალეტოვები, რომელთა შემოქმედება ინტერნეტს იპყრობს

"ახლანდელ დროში იმდენი საშუალება არსებობს შენი შემოქმედება რომ სხვებს გაუზიარო, თუ სურვილია, განხორციელება ნებისმიერი გზით შეიძლება. მაგალითად "ტიკტოკი", ყველაზე მარტივი და კარგი პლატფორმა საკუთარი თავის და ნიჭის გამოსახატად" - ასე ფიქრობენ მხატვარი ძმები ანზორ და თემო ვალეტოვები, რომლებმაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვეს... ნიჭიერი ძმები თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე თავად გვიამბობენ..

- ანზორ, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ...ოჯახი, გარემო, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა...

- ჩვენ დავიბადეთ ქალაქ ქობულეთში, გავიზარდეთ ნაწილობრივ ქობულეთში, ხოლო ნაწილობრივ რუსეთში, სადაც ოჯახით ვცხოვრობდით... ხატვას რაც შეეხება, მე დავიწყე 5 წლის ასაკში, ხოლო თემომ 1 წლისამ...

- ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვარი, რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა, თუ გყავდათ პედაგოგები...

- ბაღში დავდიოდი, სადაც ვარსკვლავის დახატვას მარტივად გვასწავლიდნენ. სახლში რომ მოვედი, ვაჩვენე ჩემ ძმას, როგორ იხატება ვარსკვლავი. ამ ყველაფრის შემდეგ თემო ისე მოიხიბლა, ვარსკვლავების ხატვა დაიწყო და გააგრძელა ასე სამხატვრო შემოქმედება. მე კი გავაგრძელე 5 წლის ასაკში, რადგან მომინდა, მეც ისე შევექე მშობლებს, როგორც თემოს აქებდნენ. პედაგოგები არ გვყავდა თვითნასწავლები ვართ...

ძმები ვალეტოვები

- გამოფენებში, კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

- კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა 2014 წელს სკოლიდან აჭარის მასშტაბით და მე ავიღე პირველი ადგილი, თემომ - მეორე... ჯერ გრანდიოზული გამოფენა არ გვქონია, ვაგროვებთ ნამუშევრებს საგამოფენოდ.

- მსოფლიო და ქართველი მხატვრებიდან რომლებია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?

- ქართველი მხატვრებიდან, რა თქმა უნდა, ფიროსმანი. იმიტომ არა, რომ ყველას უყვარს, არამედ მართლაც გამორჩეული და გენიალური მხატვარი იყო... მსოფლიო მხატვრებს რაც შეეხება, ენდი უორჰოლი არის ჩვენთვის საუკეთესო. ბევრი სიახლე შემოიტანა ხელოვნებაში და დიდი ცვლილება მოახდინა. ასევე ბევრი ხელოვანი ადამიანი აღმოაჩინა და აჩვენა მსოფლიოს, ერთ-ერთი არის ბასკია.

ანზორ ვალეტოვი

- რამდენად მრავალფეროვან ჟანრში მოღვაწეობთ?

- ჩვენ დღესდღეობით ვმოღვაწეობთ ამ სფეროებში: პოსტმოდერნიზმი , რეალიზმი, იმპრესიონიზმი და მინიმალიზმი.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებშიც თქვენი შემოქმედება ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს და მათი რაოდენობა მრავალრიცხოვანია...

- ჩვენს გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ ჩვენი შემოქმედება თქვენი დამსახურებით უკვდავი ხდება, ჩვენთვის ადამიანებისგან შეფასება ყველაზე დიდი პატივია...

- ცნობილი სახეები მაღალ დონეზე გყავთ დახატული... რატომ აარჩიეთ თითოეული მათგანი?

- ჩვენ ცნობილი სახეები იმიტომ დავხატეთ ასეთ მაღალ დონეზე, რომ ეს ჩვენი მარკეტინგული სწორი გათვლა იყო. უფრო მარტივად რომ გაეცნო ხალხს ჩვენი შემოქმედება. ხელოვანი არამხოლოდ კარგად უნდა ხატავდეს, არამედ უნდა იცოდეს, რა დროს და სად უნდა გამოიჩინოს თავი...

მატილდა გირლიანი

- რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში ახალგაზრდა მხატვრისთვის სამოღვაწეოდ?

- ახლანდელ დროში იმდენი საშუალება არსებობს შენი შემოქმედება რომ სხვებს გაუზიარო, თუ სურვილია, განხორციელება ნებისმიერი გზით შეიძლება. მაგალითად "ტიკტოკი", ყველაზე მარტივი და კარგი პლატფორმა საკუთარი თავის და ნიჭის გამოსახატად.

- რა არის აუცილებელი, მუზა რომ გქონდეთ?

- მუზა რომ იყოს, აუცილებელია შესაფერისი განწყობა, გარემო, დრო... ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. სპონტანურად მოდის მუზა, შესაფერის დროს, შეიძლება უდროო დროსაც მოვიდეს, ვერ გაიგებ...

- თუ მიგიციათ ან მისცემთ თქვენს შემოქმედებას კომერციულ სახეს?

- კომერციულ სახეს რაც შეეხება, მხოლოდ პორტრეტებს მივცემთ, რასაც შეკვეთით ვხატავთ. ჯერჯერობით, სანამ გამოფენა არ იქნება, სხვა ნახატებს სამწუხაროდ, ვერ მივცემთ.

კალმით შესრულებული კომპოზიცია

- თუ გიყვართ მოგზაურობა, ან აპირებთ საზღვარგარეთ წასვლას სამოღვაწეოდ?

- მოგზაურობა გვიყვარს, თუმცა ჯერჯერობით ვაპირებთ საქართველოს დათვალიერებას და შემდეგ უკვე საზღვრებს გარეთ გასვლას... სამოღვაწეოდ აუცილებლად სხვა ქვეყნებსაც მოვივლით.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენი სამომავლო გეგმები არის ის, რომ მთელი ცხოვრება ვხატოთ და არასდროს არ გავჩერდეთ, და უფრო მეტად ჩავერთოთ ხელოვნებაში, შევქმნათ უამრავი სიახლე ხელოვნებაში და გავუზიაროთ ხალხს... და ასევე მამაც მხატვარია და ამ გეგმაში შედის ისიც, რომ მასთან ერთად გავაკეთოთ საერთო გამოფენა.