ავტორი:

აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა

აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა

"ალტე უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებზე ზრუნვას აგრძელებს და ღონისძიებათა სერიას მათთვის უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტშიც იწყებს. უფრო კონკრეტულად, აბიტურიენტების კლუბმა, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია "ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს და აბიტურიენტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ყვარელში პირველი ადგილობრივი ცენტრი გახსნა.

აბიტურიენტების კლუბის რეგიონული ცენტრი ყვარლის ევროკლუბის ბაზაზე ნოემბერში გაიხსნა, 27 იანვარს 14:00 საათზე კი პირველ ადგილობრივ ღონისძიებას უმასპინძლებს. პირველი შეხვედრის თემა იქნება პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა, რომელსაც ტრენერი და გაერო-ს ასოციაციაში სპეციალური პროექტების მენეჯერი გიორგი ექსეულიძე წარუძღვება. როგორც დაგეგმილ, ისე სამომავლო ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩართვა კლუბში გაწევრიანებულ ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება.

აბიტურიენტების კლუბის ყვარლის ადგილობრივი ცენტრის კოორდინატორი ვალერი ტოჩილაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის გახსნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტების ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვალერი თავად მე-11 კლასის მოსწავლეა და აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. აბიტურიენტების კლუბთან თანამშრომლობის პარალელურად, ის ყვარლის ევროატლანტიკური ცენტრის სუპერვაიზერია.

ვალერი განმარტავს, რომ მისი მთავარი ფუნქცია აბიტურიენტების საჭიროების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტივობის ინიცირება და "ალტე უნივერსიტეტთან“ ერთად განხორციელება იქნება. ყვარლის ადგილობრივი ცენტრის პირველი ღონისძიებაც სწორედ ყველაზე აქტუალურ თემას, პროფესიის სწორად შერჩევას ამიტომ ეხება:

"ალტე უნივერსიტეტთან“ ამგვარ ფორმატში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ადგილობრივ აბიტურიენტებს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მივიღოთ რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს რთული პერიოდი შევიმსუბუქოთ. ვფიქრობ, რომ კონკრეტულად მოზარდებისთვის ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორიც აბიტურიენტების კლუბის ფარგლებშია დაგეგმილი, ძალიან დაეხმარება მათ როგორც პროფესიის სწორად შერჩევაში, ასევე გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სფეციფიკის გაცნობაში. სწორედ ამიტომ, ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნა ვალერიმ.

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტების კლუბის ყვარლის ადგილობრივი ცენტრი სამომავლოდ გეგმავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ინგლისური და ქართული ენების ვორქშოფები, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სემინარები და სხვა. პარალელურად, ღონისძიებები აბიტურიენტების საჭიროების, გამოცდებისა და სხვა აქტუალური საკითხების გარშემო დაიგეგმება.

"ალტე უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტის, ანი ამირანაშვილის განმარტებით, ისინი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონს და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს ატარებენ. ყვარელში აბიტურიენტების კლუბის ადგილობრივი ცენტრის გახსნა კი საშუალებას მისცემთ, უფრო ეფექტიანად შეუწყონ ხელი აბიტურიენტებს, მომზადებულები შეხვდნენ სტუდენტურ ცხოვრებას და სწორად დაგეგმონ კარიერა.

"ჩვენი დაკვირვებით, აბიტურიენტებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, სასკოლო გარემოდან უცებ სტუდენტურ რეჟიმზე გადაწყობა და სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა. რიგ შემთხვევებში, ეს პროცესი სტრესთან და შფოთვასთან არის დაკავშირებული, რასაც თან ერთვის გამოცდებთან დაკავშირებული მღელვარება და ბუნდოვანი წარმოდგენა მომავალ პროფესიაზე. ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, აბიტურიენტებს დაეხმაროს როგორც პროფესიული არჩევანის სწორად გაკეთებაში, ისე აბიტურიენტობის თანმდევ სტრესთან გამკლავებაში და მოამზადოს ისინი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის:

"გასულ წელს ფაქტობრივად, 50-მდე ვიზიტი განვახორციელეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებოდით უშუალოდ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. შეხვედრების ძირითადი თემატიკა იყო პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრენინგებს პროფესიონალები ატარებდნენ. ყვარლის მაგალითზე, რეგიონული ცენტრების გახსნა შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ინტენსიურად დავგეგმოთ ამგვარი ღონისძიებები ფიზიკურ სივრცეებში, რაც ადგილობრივ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, - განმარტა ანი ამირანაშვილმა.

მისივე თქმით, ყვარელში აბიტურიენტების კლუბის გახსნა მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპია იმ გეგმებისა, რაც "ალტე უნივერსიტეტმა“ 2024 წლის დასაწყისში დაისახა. შესაბამისად, სამომავლოდ, რეგიონებში ის კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აბიტურიენტებისთვის სასარგებლო სიახლეების შეთავაზებას.

აბიტურიენტების კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სრულად დაფინანსებულია "ალტე უნივერსიტეტის“ მიერ. ამასთან, სხვადასხვა კონკურსისა და აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებს.

როგორც თბილისში, ისე ყვარელში არსებული კლუბების აქტივობებში ჩართვის მსურველები მიჰყევით ბმულს და გაწევრიანდით აბიტურიენტების კლუბში:

https://www.facebook.com/groups/491778306300661

R