ავტორი:

რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინამ ჩამოაგდო

რუსეთის დუმის დეპუტატი ამბობს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინამ ჩამოაგდო

რუსეთის დუმის დეპუტატი, ანდრეი კარტაპოლოვი ამბობს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იყვნენ და რომლებიც გაცვლისთვის გადაჰყავდათ, უკრაინამ ჩამოაგდო. დეპუტატს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

მისი თქმით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უკრაინის მიერ გასროლილი სამი რაკეტით ჩამოაგდეს.

რუსეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინას დასავლეთმა მიაწოდა. მან დასძინა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში ამოქმედდა.