ავტორი:

ნატომ დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც 90 000 სამხედრო ჩაერთვება - Steadfast Defender-24: იმიტირებული პასუხი რუსეთის ჰიპოთეზურ თავდასხმაზე

ნატომ დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელშიც 90 000 სამხედრო ჩაერთვება - Steadfast Defender-24: იმიტირებული პასუხი რუსეთის ჰიპოთეზურ თავდასხმაზე

ნატომ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია.

იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება.

“Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ.

წვრთნები მიზნად ისახავენ ალიანსის რეაქციის იმიტირებას ისეთი ქვეყნების მხრიდან თავდასხმაზე, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი. ცალკე წვრთნები სერიებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება - ჩრდილოეთ ამერიკიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე.

წვრთნებში ჩართული იქნება 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.