ავტორი:

რა ხდება ცნობილი ბელგოროდში რუსული "ილ-76"-ის ჩამოვარდნაზე? - უპასუხო კითხვები და ურთიერთბრალდებები: ზელენსკი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

რა ხდება ცნობილი ბელგოროდში რუსული "ილ-76"-ის ჩამოვარდნაზე? - უპასუხო კითხვები და ურთიერთბრალდებები: ზელენსკი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში "ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, კვლავ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. რუსული მხარე თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რომლითაც კრემლის ცნობით, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

  • ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება რუსული "ილ-76“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სერგეი შაპტალამ თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა."ფაქტები" ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, ბელგოროდში "ილ-76"-ის ჩამოვარდნა შესაძლოა, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს.

“ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ.

“ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეების მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს.

“აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით” , - ნათქვამია განცხადებაში.

  • თემაზე განცხადება გააკეთეს აშშ-ში. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა “ილ-76”-ის თვითმფრინავს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს "ილ-76“-თან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა, შესაბამისი გამოძიება ჩაატარონ და ფაქტები დაადგინონ.