ავტორი:

ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა

ხელმოცარული რომანისტის სასტიკი შურისძიება - იაპონიაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი გამოცხადდა

იაპონიაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სიკვდილი მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც ბრალდებულია მასობრივ მკვლელობასა და სხვა დანაშაულებში.

საქმე შეეხება 2019 წლის 18 ივლისს კიოტოში, ანიმეს სტუდიაში განხორციელებულ შოკისმომგვრელ თავდასხმას, რომელსაც 36 ადამიანი შეეწირა.

კიოტოს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული შინჯი აობა ფსიქიკურად შერაცხადია, შესაბამისად, მას მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა და განაჩენიც გამოუტანა.

აობა სტუდიაში შეიჭრა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. მსხვერპლთა ნაწილი ნახშირბადით მოწამვლით გარდაიცვალა, 30-ზე მეტი ადამიანი კი სასიკვდილოდ დაიწვა ან ძლიერ დაშავდა.

დანაშაულის მოტივი გახდა აობას წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო მწერალი. ის ფიქრობდა, რომ "კიოტოს ანიმაციამ" მოიპარა რომანები, რომელიც მან კონკურსის ფარგლებში წარადგინა. სწორედ ეს იქცა მისი შურისძიების მიზეზად.

აობამ თავდასხმა დაგეგმა მას შემდეგ, რაც ხანძართან დაკავშირებული, წარსული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლა.

”თავდასხმამ, რომელმაც სტუდია ჯოჯოხეთად აქცია, 36 ადამიანის სიცოცხლე აუღწერელი ტკივილით შეიწირა”, - თქვა მოსამართლემ სხდომაზე.

45 წლის აობა თავადაც მძიმედ დაიწვა და 2020 წლის მაისამდე, 10 თვის განმავლობაში, საავადმყოფოში იმყოფებოდა. ის სასამართლოში ინვალიდის ეტლით გამოცხადდა.

თავდასხმის დროს, სტუდიაში, დაახლოებით, 70 ადამიანი მუშაობდა.

ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა, რომ დაინახა ქვემოდან ამომავალი კვამლის შავი ღრუბელი, რასაც სიცხის ტალღა მოჰყვა, რის მერეც ის სამსართულიანი შენობის ფანჯრიდან გადახტა.

იაპონური მედია აობას აღწერს, როგორც "მოსიარულე ქაოსს", რომელიც მუდმივად ჩხუბობდა მეზობლებთან, იცვლიდა ბინებს, სამსახურებს... წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა