ავტორი:

"თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა" - კონსილიუმის წევრი ექიმი

"თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა" - კონსილიუმის წევრი ექიმი

ეს ჩემი აზრია და როგორც კონსილიუმის დასკვნა, არ განიხილოთ. თუ [მიხეილ სააკაშვილი] უკან, საიდანაც გადმოიყვანეს - პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიდა, ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც წონაში 7-8 კილოს მატებით გამოიხატება, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

"ზოგადი, სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მეტად ადეკვატურად იკვებება და წონაში მატებაა. ჩვენი ბოლო ვიზიტი, თუ არ ვცდები, ოქტომბრის დასაწყისში იყო, მას შემდეგ, 7-8 კილო არის მომატებული. გუშინ რომ ავწონეთ, 77 კგ და 400 გრ იყო. ეს რაც შეეხება მის სომატურ ჯანმრთელობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გაუმჯობესებაა. რაც შეეხება მის ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, აქ დიდი გაუმჯობესება ვერ ვნახეთ. ყველა ის დიაგნოზი, რაც მას ჰქონდა, ისევ რჩება - სისუსტე, მთელ დღეს საწოლში ატარებს, თითქმის არ დგება, არ მოძრაობს, მეხსიერება დაქვეითებულია, ფეხების დაბუჟება ისევ რჩება, გადაადგილება უჭირს, მისი ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი თითქმის, უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სომატური სტატუსი გაუმჯობესებულია.

რეკომენდაციები ჯერ არ დაგვიწერია, საბოლოოდ ყველა როგორ შევჯერდებით, არ ვიცი. კარგია, რომ სომატური სტატუსი გაუმჯობესდა, რაც იმის შედეგია, რომ წელიწადნახევარია კარგ ექიმებთან მკურნალობს, საავადმყოფოში იმყოფება და პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფება, თორემ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. რაც შეეხება ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, ამის გამოჯანმრთელება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას ის სტრესი, იმ პირობებში, რა პირობებშიც იმყოფება და საიდანაც გამოწვეულია ეს ყველაფერი - ანორექსია, კახექსია და ა.შ. არ ეხსნება. ალბათ, რეკომენდაცია დიდად არ შეიცვლება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღეს, თუმცა, სრული რეაბილიტაცია ვთვლით, რომ ამ პირობებში შეუძლებელია. ჩვენი დასკვნები ადრეც იყო დაწერილი, სავარაუდოდ, იგივე დასკვნას გავიმეორებთ. კარგია, რომ ეს დასკვნა მთლიანად ემთხვევა იმ დასკვნას, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა და რომელიც ერთი თვის წინ გასაჯაროვდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო დაბრუნებას, გრიგოლიას თქმით, სააკაშვილის სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკაში ყოფნის შედეგია.

"ჩემ პირად აზრს გამოვთქვამ. სააკაშვილი მზად არის თუ არა იმისთვის, რომ უკან, პენიტენციურ დაწესებულებაში რომ გადაიყვანონ, ამის დასკვნის გაკეთება მხოლოდ მკურნალ ექიმებს შეუძლიათ. მათ შეიძლება რეკომენდაცია გააკეთონ, გადაწყვეტილებას ვერც ჩვენ მივიღებთ და ვერც ისინი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - თუ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა, ცალსახად მგონია, რომ ცოტა ხანში დაუბრუნდება იმ სტატუსს, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა. ზოგადი გაუმჯობესება მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგია, რომ ხანგრძლივად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. თუ უკან გადავიდა, საიდანაც გადმოიყვანეს - პენიტენციურ დაწესებულებაში, ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია და როგორც კონსილიუმის დასკვნა არ განიხილოთ, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა "ვივამედში“ გუშინ იმყოფებოდნენ. დასკვნას კონსილიუმი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.