ავტორი:

"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს

"ბავშვმა სახლი კარგად ვერ დახატა, გაბრაზებულმა აღმზრდელმა კი სცემა" - სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელზეც საჯარო ბაღში იძალადეს

სახელმწიფო 15 000 ლარს გადაუხდის ბავშვს, რომელსაც საჯარო საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

"გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა. მოსამართლე: ლიელა ფოლადიშვილი, საქმეზე მუშაობდნენ: ანა არგანაშვილი, ანა თავხელიძე, სოფიკო მენაბდიშვილი." - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქმის დეტალების თაობაზეც ავრცელებს ინფორმაციას. მათ მიერ საკუთარ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

  • როგორ დაიწყო ისტორია?

2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის გიორგიმ (სახელი შეცვლილია) აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ მასწავლებელმა სცემა.

ლალიმ (სახელი შეცვლილია) პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო, რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ გიორგის სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. ლალიმ გამოძიებას უთხრა, რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ გიორგის არც ალერგია ჰქონია აქამდე.

რა არ გააკეთა სახელმწიფომ?

რამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის გიორგი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. ლალიმ ბავშვის ინტერესების დასაცავად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მომართა.

საქმეში ჩართვის დღიდან ორგანიზაციის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს გიორგის მიმართ ჩადენილი ძალადობის სათანადოდ გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება, თუმცა უშედეგოდ.

  • 2018 წლის 08 ივნისს ადვოკატებმა გიორგის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს მის მიმართ აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

პროკურორმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. პროკურორის უარი გიორგის ადვოკატებმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურამ გიორგის დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. აღმზრდელი, რომელზეც გიორგი მიუთითებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში არ მიუთითეს გიორგის მიმართ ძალადობის შესახებ. ამიტომ სასამართლომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ის კვლავ ბაღში აღადგინა იმავე პოზიციაზე.

გიორგის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და 2018 წლის ნოემბერში გიორგის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.