ავტორი:

ექიმის თქმით, სააკაშვილს შფოთვები და დეპრესია აწუხებს და საჭიროა მკურნალობის პროცესში ფსიქიატრი ჩაერთოს

ექიმის თქმით, სააკაშვილს შფოთვები და დეპრესია აწუხებს და საჭიროა მკურნალობის პროცესში ფსიქიატრი ჩაერთოს

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრის, ექიმ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილური არ არის, შესაბამისად, თუკი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, უკან მალევე დააბრუნებენ. აღნიშნულის შესახებ წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

"ზოგადად, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, წონაში მატებაა, მაგრამ ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, წინა გამოკვლევებს ახალი შევადარეთ და დიდი განსხვავება არ არის. კოგნიტიური თვალსაზრისითაც დაახლოებით იგივეა, რაც იყო, მანამდეც იყო გამოხატული შფოთვა და დეპრესია, ფსიქოლოგიურად არასტაბილურია, თუმცა, სომატურად დასტაბილურდა, მის სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე აღარ ემუქრება.

ჩვენი რეკომენდაციები ამ ეტაპზე გახლავთ ის, რომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ახლა ფსიქოთერაპიული ინტერვენციაა მნიშვნელოვანი ანუ ფსიქიატრის ჩარევა, იქ ეპიზოდურად უტარდება კიდეც ფსიქიატრის კონსულტაცია, მაგრამ ფსიქოთერაპიული ინტერვენცია ვერ მოხერხდა არსებული კანონმდებლობის გამო“, - განაცხადა წულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკის ხელმძღვანელთან საუბრისას მათ დააფიქსირეს მოსაზრება, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურად არ მიაჩნიათ.

"ჩვენი აზრი მოვახსენეთ მკურნალ ექიმსა და „ვივამედის“ კლინიკურ ხელმძღვანელს, რომლებიც ამ საკითხს ალბათ ერთობლივად გადაწყვეტენ, ეს მათი ექსკლუზიური პრეროგატივაა, მხოლოდ მათ აქვთ ამის გადაწყვეტის უფლება. ჩვენ ვუთხარით, რომ პაციენტი ფსიქოლოგიურად სტაბილურად არ მიგვაჩნია, რომც გადაიყვანონ, მალევე ალბათ, უკან დაბრუნდება ის იგივე ჩივილებით“, - განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივამედში“ გუშინ იმყოფებოდნენ. დასკვნას კონსილიუმი ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.