ავტორი:

"მეორედ მოსვლა" - მოთხრობების კრებული, რომელიც არაორდინარულ ისტორიებს გვიამბობს

"მეორედ მოსვლა" - მოთხრობების კრებული, რომელიც არაორდინარულ ისტორიებს გვიამბობს

თუ თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ადევნებთ თვალს, მაშინ ოლანი ბიწაძის სადებიუტო წიგნის - „მანიტუს“ შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. რომანმა პირველი აღიარება „პალიტრა L-ის“ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მოიპოვა, წიგნის მაღაზიებში გამოჩენიდან მალევე კი ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა.

ცოტა მისტიკა და კოსმოსი, რომანტიკა და თავგადასავლები - ასეთია „მანიტუს“ სიუჟეტი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ. აღიარების შემდეგ ავტორმა მეორე წიგნზე დაიწყო მუშაობა. ეს არის მოთხრობების კრებული - „მეორედ მოსვლა“, რომელიც მისთვის დამახასიათებელ, არაორდინარულ სტილს იმეორებს. კრებული დაწერილია ორიგინალური კლასიფიკაციით - მე-2 და 1-ელ ნაწილად. ის უკვე გამოიცა და წიგნის მაღაზიებშიც დაგხვდებათ.

პირველ ნაწილს (დასახელებით მე-2) მუდმივად ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნებიან ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გამოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარანორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი თუ მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს.

კრებულში დასმულია მთავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგრამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყოფილა?

მეორე ნაწილის (დასახელებით 1-ლი ნაწილი) მოთხრობების პერსონაჟები კი - დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი, ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი - დამოუკიდებლად, მარტოები უნდა გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურდულ სიტუაციებში იყენებს.

და ავტორი გვთავაზობს მთავარ დასკვნას: შეიძლება ყველაზე ნამდვილი სწორედ ის არის, რაც ერთი ადამიანისთვის ხდება.

ოლანი ბიწაძის ეს არაორდინარული კრებული ადამიანების საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ისტორიებს გვიამბობს. როცა წიგნს გადაშლით და კითხვას მეორე ნაწილიდან დაიწყებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ რაღაც სრულიად განსხვავებულთან გაქვთ საქმე.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

R