ავტორი:

საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?

საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. მან შეხვედრა უკვე გამართა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის განცხადებითაც საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას და ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, რეგიონული პროექტების მიმართ მათ ფაშინიანისგან დადასტურებული ინტერესის შესახებ მოისმინეს.

"საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. ბატონმა პრემიერმა კარგად იცის ჩემი და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად რეგიონის ქვეყნებს და ხალხს სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააგრძელებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ერებისთვის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია, ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისათვის, არამედ რეგიონისთვისაც.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების მიმართ, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული, მადლობა ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას - ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი, კონტრიბუცია შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს.

"ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს - იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში მშვიდობას და ხელს შეუწყობს სტაბილურობას". - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ.

"პატივცემულო დამსწრენო, საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებო, სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ -საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს. ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.