ავტორი:

"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან

"არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვჭირდება მეტი იარაღი. თუ მოვკვდი, ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას..." - ინტერვიუ 20 წლის უკრაინელ მებრძოლთან

უკრაინელი მებრძოლი მიროსლავ ველგანი რუსების ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული ფრონტზეა და ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. ომის დაწყებამდე სპორტით იყო გატაცებული, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. ომმა მას, ისევე, როგორც ყველა უკრაინელს, ბევრი ტკივილი მოუტანა. ცხოვრების სტილი და რიტმი შეუცვალა. ის ომში 18 წლის ასაკში წავიდა. თავდაპირველად კიევის დაცვისთვის მოხალისეთა რიგებში იყო, შემდეგ კი ქვედანაყოფ "და ვინჩის მგლების" რიგებს შეუერთდა. ახლა 20 წლისაა და ისევ იბრძვის, ომში გაიცნო მისი ცხოვრების მეგზური და იქორწინა. სულ ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინათ - მიროსლავ მიროსლავიჩი. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 5 შვილის ყოლა სურს.

უკრაინელ მებრძოლთან ინტერვიუ დისტანციურ რეჟიმში ჩავწერეთ.

- როგორ დაიწყო ომი თქვენთვის? ვიცი, რომ 18 წლის წახვედით ფრონტზე ამის შესახებ რომ გვიამბოთ...

- ესპანეთიდან ჩავედი უკრაინაში 2022 წლის 22 თებერვალს და 23 თებერვალს უკვე ჩვენს ბაზაზე ვიყავი. ჟულიანის მახლობლად მდებარე სოფელში "შევხვდი" ომს... მერე იარაღი მოგვცეს და თქვეს, - ჰოსტომელში მივდივართო. მაგრამ ჩვენ გადავიფიქრეთ ჰოსტომელში წასვლა, რადგან იქ მაშინ პროცესები გაუარესდა. ასე რომ, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ მუშაობა ირპინის მახლობლად. 72-ე ბრიგადას ვიცავდით, საარტილერიო დამიზნებაში ვეხმარებოდით.

ეს იყო მოხალისეთა ბატალიონი, სპეცდანიშნულების რაზმი სახელად «Гонора». მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა კიევის რეგიონიდან უკან დაიხიეს, ჩვენ გადავედით სუმში. ასევე მოხალისეთა ბატალიონის ფარგლებში და მოხალისეობრივ დონეზე.

ზუსტად ამ პერიოდშივე ვფიქრობდი, სად წავსულიყავი ოფიციალურად, მაშინ უკვე ვიცნობდი "და ვინჩის" - ყველა მასზე ლაპარაკობდა ფრონტზე. შევხვდი მას, განვიხილეთ ყველაფერი და მივხვდი, რომ მასთან უნდა წავსულიყავი. ასე მივედი და ვინჩის მგლებში და დავიწყე კამპანია მათთან ერთად დონეცკის რეგიონში. ფრონტზე რომ წავედი 18 წლის ვიყავი, უბრალოდ, მოტივირებული ვიყავი, მზად ვიყავი ფრონტზე მოვმკვდარიყავი, გმირულად, სამშობლოს დაცვისთვის.

- თქვენ კიეველი ხართ და ის თაობა, რომელიც შეიძლება ითქვას, უფრო სხვა ინტერესებითაა გატაცებულო... თქვენი კლასელები, მეგობრები, საახლობლო წრე, თქვენი თაობის სხვა ადამიანები კიევში ასევე მოიქცნენ?

- სიმართლე გითხრათ, თითქმის დღეს ყველა ჩემი მეგობარი უკვე სამხედროა. ზოგი მოხალისეთა ბატალიონშია, ზოგი ჯოხარ დუდაევის ბატალიონში, ზოგი არტილერიაშია. ბევრი მეგობარი მყავს ჩემი ასაკის, ჩემი თაობის, მათ შორის ჩემი კლასელებიც, ვინც ფრონტზე არიან და იბრძვიან. შეიძლება იყოს გარკვეული წრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის დაბადებულები და ა.შ მაგრამ ჩემი წრე, სამეგობრო და საახლობლო ნამდვილად მზადაა ქვეყნის დასაცავად და ბოლომდე საბრძოლველად.

ვფიქრობ, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ყველას მოუწევს ჩართვა. მათაც, ვინც ამბობს, - ომისთვის არ ვართ დაბადებულებიო... დიდი არჩევანი არ გვექნება, ხალხია ფრონტზე საჭირო... ყველამ უნდა ვეძიოთ მოტივაცია, რადგან ადამიანების დეფიციტი გვაქვს.

- ვინ იყო თქვენი მოტივატორი, ოჯახის წევრებიც სამხედროები ხომ არ გყავთ?

- მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი კიევიდან. ვცხოვრობდი ჩემთვის და ვტკბებოდი ცხოვრებით. ჩართული ვიყავი სპორტში და საზოგადოებრივ საქმიანობაში. სკოლა დავამთავრე 2021 წელს. მოტივატორი შეიძლება ითქვას მეგობრები იყვნენ. ყველა გარშემო სამხედრო და მეომარია. ბევრი მათგანი 2014 წელსაც იბრძოდა. მათგან ვისწავლე ძალიან ბევრი. 2014 წელსაც კი მსურდა ფრონტზე წასვლა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.

- რა მდგომარეობაა ახლა ფრონტზე?

- ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იარაღი და ხალხი მუდმივად გვაკლია...

- როგორია ფრონტზე განწყობა, რა არის სამხედროების მოტივაცია?

- განწყობა ისეთია, რომ გავუძლოთ და დაველოდოთ იარაღს სხვა ქვეყნებიდან და მაშინ ცოტა უფრო ადვილი იქნება მტრის შეკავება. ყველას მოტივაცია განსხვავებულია, ვიღაც თავიდანვე აქ იყო და უკვე ძალიან დაიღალა, ამიტომ მისი შეცვლაა, ჩანაცვლებაა საჭირო. მაგრამ ჩვენ ყველანი ვიკავებთ პოზიციებს, ვიმაგრებთ თავს და არ ვკარგავთ ბრძოლისუნარიანობას...

- ტექნიკური თვალსაზრისით, არის თუ არა საკმარისი საბრძოლო მასალა?

- არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. გვიჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო ტექნიკა. ყველაფერი გვჭირდება, რაც მეტი, მით უკეთესი.

- ზამთარში ბრძოლა, სავარაუდოდ, შედარებით რთულია, ხომ?

- ზამთარში ყოველთვის უფრო რთულია ბრძოლა, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ იარაღიც გვაკლია. და ეს ორმაგი პრობლემაა ახლა ჩვენთვის.

- რა სჭირდება უკრაინას ომის მოსაგებად?

- ძნელი სათქმელია.. გვჭირდება ყველა ქვეყანა გაერთიანდეს და დაგვეხმაროს.

- მოვლენების რა განვითარებას ელით უახლოეს მომავალში?

- უახლოეს მომავალში ველოდები დათბობას, რათა ჩვენს პოზიციების დაკავება გაგვიმარტივდეს..

- ქართველ მეომრებს თუ იცნობთ, ერთად ხომ არ გიწევთ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა?

- ზოგიერთს ვიცნობ, ერთად ვიყავით ფრონტის ხაზზე.

- ომის დროს დაქორწინდით. უკვე შვილიც გყავთ...

- 19 წლის დაბადების დღეზე ვიქორწინე. 2023 წლის 29 ივნისს ჩემი პირველი ვაჟი, მიროსლავ მიროსლავოვიჩი დაიბადა. შვილი ძალიან მინდოდა, ცოლის დარწმუნება და დაყოლიება მომიწია. მე ხუთი შვილი მინდა მყავდეს, ასე რომ, ეს დასაწყისია. ახლა შვებულებაში ვარ - ჩემი ცოლი ავად არის და ვზრუნავ მასზე და შვილზე. ფრონტზე დავბრუნდები "და ვინჩის მგლებში" ან ჩემს ძმასთან, ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში - ისინი ახლა იბრძვიან ზაპოროჟიეს რეგიონში. მამაჩემიც მოხალისეთა ფორმირებაშია, ვიშგოროდსკში, ისინი დრონებს აგდებენ, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სამუშაოებს ასრულებენ.

თუ მოვკვდები, მაშინ ჩემი პირმშო განაგრძობს ჩემს ბრძოლას... ბავშვი დიდი ბედნიერებაა, უზომოდ დიდი ბედნიერება...

  • ცნობისთვის:

"და ვინჩის მგლები" - 1-ლი მექანიზებული ბატალიონი. 2023 წლის 7 მარტს ბატალიონმა ბახმუტისთვის ბრძოლებში დაკარგა ბატალიონის მეთაური დმიტრო კოციუბაილო, მეტსახელად: "და ვინჩი"