ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს... გარეთ არ გადის. ისევ მივარდნილია, წონასწორობას ადვილად კარგავს, მეხსიერება კვლავ დაქვეითებული აქვს" -  ექიმი

"მიხეილ სააკაშვილი იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს... გარეთ არ გადის. ისევ მივარდნილია, წონასწორობას ადვილად კარგავს, მეხსიერება კვლავ დაქვეითებული აქვს" -  ექიმი

მიხეილ სააკაშვილი იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს, იგივე ოთახში ზის, გარეთ არ გადის, წელიწად-ნახევარია სუფთა ჰაერზე არ ყოფილა - იმ გარემოში, სადაც იმყოფება, ამ პირობებში ბოლომდე გამოჯანმრთელება შეუძლებელია, - ამის შესახებ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, წონაში 7-8 კილოგრამით არის მომატებული, თუმცა ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი არის იგივე, რადგან იგივე გარემოში იმყოფება.

„3 თვის შემდეგ, გუშინ შედგა მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების მორგი შეხვედრა. ჩვენ გავეცანით მის მდგომარეობას. შემდეგ ველაპარაკეთ მის მკურნალ ექიმებს, ვნახეთ ანალიზები, გავეცანით ისტორიას თუ რა სიახლეები გვაქვს ბოლო სამი თვის განმავლობაში.

მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გვაქვს წონაში 7-8 კილოგრამით მატება. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ავადმყოფმა უფრო მეტი საკვების მიღება დაიწყო. ასევე იმასთან, რომ წელიწად-ნახევარი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და, რა თქმა უნდა, იმყოფება გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ამან გამოიღო შედეგი.

რაც შეეხება ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, ცვლილებები ვერ ვნახეთ. ავადმყოფი ისევ არის მივარდნილი. მთელი დღე საწოლში წევს, გადაადგილება ძალიან უჭირს. წონასწორობას ადვილად კარგავს. ფეხების დაბუჟება ისევ აქვს, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა არის დაქვეითებული. მეხსიერება კვლავ არის დაქვეითებული. ჩვენმა ნევროპათოლოგმა ჩაუტარა გარკვეული ტესტები და ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი, თითქმის უცვლელია“,- განაცხადა გრიგოლიამ.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა ანორექსიის თვალსაზრისით.

"შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ხიფათი არ ელის, რაც სამი თვის წინ იყო. წელიწად-ნახევრიანმა მკურნალობამ გამოიღო ის შედეგი, რომ ანორექსიის მოვლენები მოხსნილია, მას შეუძლია გარკვეული საკვების მიღება. სამწუხაროდ, ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი არის იგივე, იმიტომ, რომ მას იგივე გარემო აქვს, იგივე სტრესში იმყოფება, იგივე ბადრაგები ჰყავს, იგივე ოთახში ზის, გარეთ არ გადის. წელიწად-ნახევარია სუფთა ჰაერზე არ ყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტრავმა, რომელმაც მისი ეს მდგომარეობა გამოიწვია, არ მოხსნილა. იმ გარემოში, სადაც იმყოფება, ამ პირობებში ბოლომდე გამოჯანმრთელება შეუძლებელია“,- განაცხადა გრიგოლიამ.

ამასთან, ექიმის თქმით, თუკი სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, დაუბრუნდება კრიტიკულ მდგომარეობას, რომელიც 3-6 თვის წინ ჰქონდა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის იმისი დამსახურება, რომ ის იმყოფება კლინიკურ დაწესებულებაში, რომ მას მკურნალობენ პროფესიონალი ექიმები.

თუკი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ის დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მგონია, რომ დაუბრუნდება კრიტიკულ მდგომარეობას, რომელიც 3-6 თვის წინ ჰქონდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.