ავტორი:

"ხმა ჩაიგდე... რუსი ბარიგას გამო დამაკავეს პოლიციის პოლკოვნიკი" - ხმაური წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის პროცესზე

"ხმა ჩაიგდე... რუსი ბარიგას გამო დამაკავეს პოლიციის პოლკოვნიკი" - ხმაური წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის პროცესზე

საქართველოს გენერალური პროკურატურა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, ამირან ნაჭყებიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ბრალდებულების პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, რა დროსაც დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, ხოლო მეორე ბრალდებული პროცესზე არ მოსულა. ქვაჭრელიშვილის თქმით, ბრალდება აბსურდულია.

მან პროკურორს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მისი დარბაზიდან გაძევების მიზეზი გახდა.

"რუსი ეროვნების ადამიანი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაშ ნაჯდომია ნარკოტიკების გასაღებაზე. მან თავად შემოგვთავაზა ნარკოტიკების გამსაღებელზე გასვლა. არანაირი ქრთამი არ ამიღია, ვიღაც რუსი ბარიგების ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული, მე პოლიციის პოლკოვნიკი" - აღნიშნა ქვაჭრელიშვილმა, რა დროსაც მას პროკურორმა მოუწოდა ხმისთვის დაეწია და დარბაზიდან გასულიყო. ამის შემდეგ ბრალდებულმა პოლიციელმა მას ასე მიმართა: "ხმა ჩაიგდე".

წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეეფარდათ.