1992 წელს ნამიბიამ ზამბიასთან ანგარიშით 0:4 წააგო. 14 წლის კოლინ ბენჟამინი გაზეთს კითხულობდა და მისთვის უცნობი სიტყვა - Beroepspelers ამოიკითხა. ასე ეძახდნენ ზამბიის ზოგიერთ ფეხბურთელს.
კოლინმა დედას ჰკითხა განმარტება. ასე მოიხსენიებენ მათ, ვინც ფეხბურთის თამაშით გამოიმუშავებდა ფულს. 14 წლის ბენჟამინმა არ იცოდა, რომ ასეთი რამეც შეიძლებოდა. მაშინ დაიბადა ოცნებაც.

თუმცა კოლინი ოცნებისთვის იბრძოდა. მას ჰქონდა აგენტ ჯო ფრანკენთან მიმოწერა, რომელიც იმ დროს გერმანიაში მუშაობდა. მან ბიჭი ევროპაში მიიპატიჟა - ჩამოდი, საფეხბურთო დონეს შეგიმოწმებო. თუმცა ფრანკენი სიცილით მოკვდა, როდესაც გამხდარი, 68 კგ-იანი აფრიკელი ბიჭი დაინახა. მაგრამ საერთო საცხოვრებელში მოაწყო და დაჰპირდა, რომ გერმანიის მესამე დივიზიონის რამდენიმე გუნდის წარმომადგენლები მას გაესაუბრებოდნენ.იმ გუნდების აბსოლუტურად ყველა მოთამაშე კოლინზე სწრაფი და ძლიერი იყო.

თუმცა ამ გარემოების მიუხედავად, ნამიბიელი ფეხბურთელი უკან სამშობლოში არ დაბრუნდა. მას სულ ერთი, პატარა ჩემოდანი ჰქონდა, სადაც ბუცები და სვიტრი იდო. სვიტრის წაღება დედამ დააძალა - გერმანიაში ბევრად სიცივეებია, ვიდრე ნამიბიაშიო.
სხვათა შორის, ბიჭის ბებია მთელი თავის ცხოვრება საავადმყოფოს დამლაგებლად, ხოლო დედა შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა. რა თქმა უნდა, ბენჟამინს ძალიან სურდა უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ მისი მთავარი მოტივაცია სიღარიბის მოჯადოებული წრის გარღვევა იყო. "ბებია ცუდ პირობებში ცხოვრობდა, დედაც არაფრით უკეთესში. მე უბრალოდ ჩემ თავს ვეუბნებოდი:“კმარა!“ არ მინდოდა, რომ ჩემ შვილებსაც ასე ეცხოვრათ“, - იხსენებს ფეხბურთელი.
ბენჟამინს გერმანულ ფეხბურთთან შეგუება უჭრიდა. გაოცებული იყო, როდესაც მისი პირველი თამაშისას "გერმანია შნელსენში“ გასახდელში ლუდის გიგანტური ყუთი შეიტანეს. ფიქრობდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ უნდა სვამდეს ალკოჰოლს.
გარდამტეხი მატჩი "ჰამბურგთან“ იყო. "ელმსხორნის“ რიგებიდან სწორედ მან გაუტანა "ჰამბურგს“ გოლი და შემდეგ საგოლე გადაცემაც გააკეთა. თამაშის შემდეგ, "ჰამბურგის“ მწვრთნელის თანაშემწე მივიდა მასთან და შეხვედრაზე შეუთანხმდა. რამდენიმე დღეში ნამიბიელს "ჰამბურგის“ სავარჯიშო ბაზაზე ელოდებოდნენ.

სასტარტო კონტრაქტის მიხედვით მისი ხელფასი 3 ათასი მარკა იყო. რამდენიმე თვეში ბენჯამინი "ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა. გახდა ბევრად ათლეტური, მოიმატა წონაც, კლუბში მისი პროგრესი აშკარად შესამჩნევი გახდა.
"შენ არ ხარ ყველაზე დიდი ტალანტი, ასე რომ, უნდა შეეცადო, ყველაზე მშრომელი გახდე“, - ასე მიმართა "ჰამბურგის“ მწვრთნელმა კურტ იარამ.
ერთხელ იარამ, მორიგ ჯერზე მკაცრად მიმართა მთელ გუნდს, რომ იქამდე უნდა იბრძოლონ და შეუჩერებლად ირბინონ, სანამ ტერფები არ დაულურჯდებათ და არ გაუშავდებათ. ყველა ფეხბურთელმა კოლინს გახედა. მას სიცილი აუტყდა, შემდეგ კი მთელი გუნდი იცინოდა.
კოლინი არ გამოირჩეოდა ტექნიკით. სამაგიეროდ ბევრს დარბოდა, იბრძოდა და არასდროს ნებდებოდა. ხვდებოდა, რომ ბუნდესლიგის ფეხბურთელების უმეტესობა მას ნიჭით სჯობდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე უსწრებდა ფიზიკურად და ასევე, ძალიან ცოტას ჰქონდა მისნაირი რკინის ნებისყოფა.
ფეხბურთელის თქმით, კარიერაში ერთადერთხელ იყო სისუსტის გამოვლენასთან ახლოს - როდესაც გაიგო, რომ ხელფასი 15 ათასი მარკა ექნებოდა. ფიქრობდა, ასეთ ფულთან ერთად თვითგანვითარების სურვილი არ დაეკარგა. ნამიბიელმა თავის თავს ჰკითხა: ვინ უნდა რომ იყოს, ლომი თუ ანტილოპა? ლომი უტევს, ანტილოპა - გარბის. როგორც კი შეწყვეტდა განვითარებას, ის აღარ იქნებოდა მონადირე, შესაბამისად გახდებოდა მსხვერპლიც. ხოლო სხვა ლომი, ვინც უფრო მეტს ივარჯიშებდა, მას შეჭამდა.
შესაძლოა ბავშვურად ჟღერს, მაგრამ ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ყოველ დღე საკუთარ თავს ამას უმეორებდა.
"ჰამბურგში“ მან უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი გაიცნო. ყველაზე ნიჭიერი - რაფაელ ვან დერ ვაარტი იყო. თუმცა მისი კუმირები სერგეი ბარბარეზი და როდოლფო კარდოსო იყვნენ: "თუ ვარჯიში იწყებოდა დილის ათზე, ისინი ბაზაზე არაუგვიანეს 08:30 საათზე მოდიოდნენ. პროფესიონალური თვალსაზრისით, ისინი ჩემთვის მისაბაძი ხალხი იყო“.
ბენჯამინმა "ჰამბურგის“ რიგებში 191 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში ითამაშა მარჯვენა და მარცენა მცველად, მარჯვენა თავდამსხმელად, საყრდენად, ერთხელ დაცვის ცენტრშიც. კარიერის მთავარ მომენტად კი "არსენალთან“ და ტიერი ანრის წინააღმდეგ თამაშს ასახელებს.
2011 წელს ბენჯამინი თავისუფალი აგენტი გახდა და მეორე ლიგის "მიუნხენ 1860-ში“ გადავიდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა და 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. მას ყველაფერი გამოუვიდა. მთელი ათწლეულის განმავლობაში ბენჯამინი ევროპის ელიტარულ ლიგაში თამაშობდა და იმდენი გამოიმუშავა, რამდენიც სავარაუდოდ, მისმა ყველა წინაპარმა ერთად ვერ შეძლო.
სამშობლოში დაბრუნებულ ექს-ფეხბურთელს ახალი ოცნება გაუჩნდა - ნამიბიაში საფეხბურთო აკადემია აეშენებინა.

"გერმანიის მაგალითზე ვსწავლობდი, რა პირობებია საჭირო ახალგაზრდა ფეხბურთელების გასავითარებლად. საჭიროა ერთიანი ცენტრი, კარგი ინფრასტრუქტურით, სადაც მთელი ქვეყნიდან მოვლენ ახალგაზრდები, ვისაც ფეხბურთელობა ცხოვრებისეულ ოცნებად აქვთ. თავდაპირველი ეტაპისთვის საჭიროა მინიმუმ ორი ხელოვნური მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, ფიზიოთერაპევტი, ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩემი გერმანელი მეგობრები დამეხმარებიან. ამ პროექტში ჩემ თავს ვხედავ. უბრალოდ დავფიქრდი, რისი მიცემა შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის და ეს იდეა მომივიდა.“
პროექტის განხორციელება საოცრად რთული აღმოჩნდა. თავიდან კოლინი ინვესტორებს გერმანიაში ეძებდა. შემდეგ ნამიბიის მთავრობას შეუთანხმდა, მათ აკადემიის ასაშენებლად მიწა გამოუყვეს. სანამ ბანჯამინი მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მისმა ინვესტორებმა იგივე პროექტი კოტ-დ’ივუარში განახორციელეს. გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები - მაგრამ კორონავირუსი დაიწყო, რამაც პროცესი შეაფერხა.
2021 წელს როგორც იქნა, აკადემია ამუშავდა. CBS Talents ცენტრი არა მხოლოდ რამდენიმე ხელოვნური მოედანია, არამედ საშუალო სკოლაა თავის საცხოვრებლით, სადაც ნამიბიის სხვადასხვა კუთხეებიდან ბავშვები სწავლობენ.
ბენჯამინი მხარს უჭერს სხვა პროექტსაც - ის HopSol Youth Soccer League-ს დირექტორია, რომელიც ქვეყანაში ახალგაზრდულ ტურნირებს ატარებს. კოლინი ბედნიერია, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი და მეტი ბავშვი ინტერესდება ფეხბურთით. აკადემიის განვითარებასთან ერთად, სჯერა, რომ გერმანიაში და სხვა ევროპულ ლიგებში გაჩნდებიან პატარა ნამიბიელი ვარსკვლავები.
სხვათაშორის, 2023 წელს აკადემიის ერთ-ერთი მოსწავლე გერმანიაში გაემგზავრა, სადაც "ჰამბურგისა“ და "ნიურნბერგის“ ახალგაზრდულ გუნდებში ითამაშა. მაგარია, არა?!