ავტორი:

როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?

როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?

გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდების შესახებ უკვე თვეებია მსჯელობს და კამათობს.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, გარიგება შედგეს. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

უკრაინა გერმანიისგან ითხოვს იარაღს, რათა უკეთ შეძლოს თავის დაცვა და იმოქმედოს ფრონტის ხაზის უკან, მტრის ზურგში.

კერძოდ, ლაპარაკია "Taurus KEPD-350" -ზე, რომელიც ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) ინოვაციად და მეგა იარაღად მიიჩნევა. გერმანიის ჯარში მას აღწერენ, როგორც "ყველაზე თანამედროვე რაკეტას საჰაერო ძალებში".

რაკეტის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიგრძე - 5,1 მ
  • სიგანე - 1,08მ
  • სიმაღლე - 80.5 სმ
  • ფრთაშლილობა - 1.065მ
  • წონა - 1,35 ტონა
  • დიაპაზონი - 500 კმ
  • თითო ცალის ღირებულება - დაახლოებით, ერთი მილიონი ევრო

ბუნდესვერი სისტემის მთავარ სიძლიერედ ასახელებს, "შორ დისტანციებზე მნიშვნელოვანი სამიზნეების მოგერიების უნარს“.

ამას განაპირობებს ფართო დიაპაზონი და ორეტაპიანი ქობინი სისტემა.

ეს კი ნიშნავს:

▶ ვინაიდან, მწარმოებლის თქმით, Taurus-ს აქვს 500 კილომეტრის დიაპაზონი, მფრინავებს სულაც არ სჭირდებათ მტრის საჰაერო სივრცეში შესვლა რაკეტის გასასროლად.

▶ გამშვებ პლატფორმებად შეიძლება გამოყენებული იქნას: Typhoon-ს, Tornado-ს, Gripen-ის, F-15-ის და F/A-18-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, თუცმა გადაცემის შემთხვევაში შესაძლებელია მათი ინტეგრირება Storm Shadow-ების მსგავსად მოხდეს უკრაინულ Su-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებზე.

▶ ორსაფეხურიანი ქობინი სისტემა: საკრუიზო რაკეტა ითვლის ზემოდან და არეგულირებს აჩქარებას შეღწევადობის სიმძლავრის მიხედვით. პირველი ქობინი ფეთქდება - არღვევს ბუნკერის კედლებს. მეორე ასაფეთქებელი მუხტი ანადგურებს მიზანს.

▶ სანდო ნავიგაცია: დამიზნებისთვის იყენებს GPS/INS ტექნოლოგიას, რისი მეშვეობითაც ხდება სამიზნის კოორდინატების წინასწარი ჩაპროგრამება რაკეტაში, თუმცა, ამავდროულად, გააჩნია ინფრაწითელი თვითდამიზნების თავაკი, რაც იძლევა საშუალებას, რაკეტაში ჩაპროგრამებული მიზნის 3D ვიზუალური გამოსახულება უშუალოდ ფრენის ტერმინალურ ფაზაში, თავაკზე დამონტაჟებული თერმული კამერით გადამოწმდეს.

▶ მტრის საჰაერო თავდაცვისთვისაც რთულია Taurus-ის ამოცნობა და, შესაბამისად, რთულია მისი მოგერიება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თავისი უზარმაზარი დიაპაზონით, Taurus-ი შესაფერისი იქნებოდა რუსული სარდლობის პუნქტებზე ან აეროდრომებზე თავდასხმისთვის, საიდანაც ოკუპანტები ახორციელებენ შეტევებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა თუ სოფლების მისამართით.

ამ სუპერიარაღს აქვს პოტენციალი, შეასუსტოს რუსეთის შეტევები სტრატეგიულ პუნქტებზე და მოახდინოს გადამწყვეტი გავლენა ომის მიმდინარეობაზე.

დასავლელი ექსპერტების შეფასებით, გერმანიას 600 Taurus-ი აქვს, აქედან დაახლოებით 150 ფუნქციონირებს. ამას გარდა, ესპანეთს აქვს 4 Taurus-ი, სამხრეთ კორეას - 260.

  • რატომ იკავებდა გერმანია თავს Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდებისგან?

უკრაინა გერმანიისგან Taurus-ს უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. მის ნაცვლად, ქვეყანა ბრიტანულ Storm Shadow-ს და ფრანგულ SCALP საკრუიზო რაკეტებს იღებს. ისინი წარმოებულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობით. მთავარი განსხვავება არის დიაპაზონში, ამ უკანასკნელების საფრენი მანძილი 250 კილომეტრია, რაც Taurus-ის ნახევარია. Taurus-ი ასევე მათზე ბევრად აღმატებულია შეღწევისა და სიზუსტით თვალსაზრისით.

გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინას უარით უპასუხა, რასაც გერმანიაში გარკვეული აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ბევრი გერმანელი დეპუტატი მისი მიწოდების მომხრე იყო. მათ შორის გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა კანცლერის თავშეკავება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აწვდის ბერლინი კიევს საჭირო იარაღს.

"მე ღრმად ვერ ვერკვევი სამხედრო თემაში, მაგრამ ვესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საჭირო სამხედრო ცოდნა და გამოცდილება. და ამ დისკუსიების შემდეგ, ვეღარ ვხვდები, რატომ ვყოყმანობთ ამ იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდებაზე’", - თქვა მან.

გერმანიის ხელისუფლების სიფრთხილეს განაპირობებს ის, რომ რუსული ტერიტორიის გერმანული რაკეტებით დაბომბვამ შესაძლოა კონფლიქტის შემდგომი გამწვავება და ომში გერმანიის ჩათრევა გამოიწვიოს. მოსკოვი უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრზე ცოტათი ნაკლებ მანძილზეა, ეს ზუსტად ის დიაპაზონია, რომლის დაფარვაც Taurus-ს მარტივად შეუძლია.

მიუხედავად პირველი გადაწყვეტილებისა, ამ თემაზე მსჯელობა არ შემწყდარა, ამჯერად, ვარაუდობენ, რომ გერმანია Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდებას დათანხმდება, თუმცა მესამე ქვეყნის გავლით, კერძოდ, ისინი დიდ ბრიტანეთს მიაწვდიან, ლონდონი კი თავის მხრივ, კიევს მოამარაგებს...