ავტორი:

თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?

თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმა სირიის საზღვართან მდებარე ბაზაზე მოხდა. დაღუპული და დაშავებული სამხედროების ვინაობა არ გასაჯაროებულა.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 34 სამხედრო მოსამსახურეს ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, საფრენი აპარატი საცხოვრებელ ზონას დაესხა თავს - სწორედ ამით აიხსნება დაშავებულთა დიდი რაოდენობა. იორდანიის მთავრობის სპიკერმა, მუჰანად მუბაიდმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სირიაში მდებარე ალ-ტანფის ბაზა იყო. მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა:

"გუშინ მძიმე დღე გვქონდა ახლო აღმოსავლეთში. სამი მამაცი ადამიანი დავკარგეთ. მე და ჯილი ვუერთდებით ჩვენი დაღუპულების ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას. მათი დაკარგვა სამწუხარო ფაქტია ამერიკისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს "ანგარიში მოეთხოვებათ“.

"ვიცით, რომ თავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი სამხედრო ჯგუფების მიერ, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ“, - განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის თქმითაც, შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

აშშ-ში “რესპუბლიკელი” პოლიტიკოსები სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით ეხმაურებიან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია.

"მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარის, მაიკლ მაკოლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ესაჭიროება "ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გადატვირთვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და შეკავების აღდგენისთვის“.

სენატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს ნიშნებს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ მზადაა გამოიყენოს ამერიკული ძალა, რათა აიძულოს ირანი შეცვალოს თავისი ქცევა. "ჩვენი მტრები შეგულიანებულები არიან,“ - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა კი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანულ სამიზნეებსა და მის ხელმძღვანელობაზე პირდაპირი დარტყმით უნდა უპასუხოს.

"მე მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაარტყას მნიშვნელოვან სამიზნეებს ირანის შიგნით, არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობის შურისძიებისთვის, არამედ მომავალი აგრესიის შეკავების მიზნითაც“, - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრეჰემმაც.

  • ირანი უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას

ამავდროულად ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

"ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით - რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.

აშშ-ის სამხედროების ცნობით, 17 ოქტომბრის შემდეგ, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა სულ მცირე 97-ჯერ განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე საპასუხო მოქმედება განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ.

  • ბოლო ინფორმაციით, იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობამ, "ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. ამის თაობაზე ტელეკომპანია CNN-ი და გამოცემა Washington Post-ი წერენ.