ავტორი:

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მეუღლეს, შვილებს, მშობლებს... - რა თქვა ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადებისას?

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მეუღლეს, შვილებს, მშობლებს... - რა თქვა ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადებისას?

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, "ქართული ოცნების“ სიძლიერეს შიდა დემოკრატია განაპირობებს და იმის გამო, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია, საჭიროა, რომ სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პირნათლად ემსახურა საქართველოს, უკომპრომისოდ იცავდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ამაყობს მიღწეული შედეგებით.

"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ.

მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე.

  • პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში ერთად მივაღწიეთ. "ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და "ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.