ავტორი:

როქი ორი ირაკლისთვის - რატომ გადაწყდა ცვლილებები და კიდევ ვინ შეიძლება გაისტუმრონ მინისტრთა კაბინეტიდან?

როქი ორი ირაკლისთვის - რატომ გადაწყდა ცვლილებები და კიდევ ვინ შეიძლება გაისტუმრონ მინისტრთა კაბინეტიდან?

29 იანვარს, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა და მას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლიდა. როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება 24 იანვარს "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მართლაც მიიღეს. ამის თაობაზე მოგვიანებით სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ განაცხადა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად განმარტა. მისი თქმით, "ქართული ოცნების“ სიძლიერეს შიდა დემოკრატია განაპირობებს და იმის გამო, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია, საჭიროა, რომ სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. ამასთანვე, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ის პირნათლად ემსახურა საქართველოს, უკომპრომისოდ იცავდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და ამაყობს მიღწეული შედეგებით.

მან ასევე დაადასტურა, რომ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, რაც 1-ელ თებერვალს დანიშნულ პარტიის ყრილობაზე გაფორმდება. მან მომავალ პრემიერს წარმატება უსურვა, თუმცა არ უთქვამს, რომ ეს ირაკლი კობახიძე იქნება.

როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პოსტის დატოვება რიგ მინისტრებსაც მოუწევთ. სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ შეეხებათ მინისტრთა კაბინეტის შემდეგ წევრებს - ჯუანშერ ბურჭულაძეს, ზურაბ აზარიაშვილს, ილია დარჩიაშვილს, თეა წულუკიანსა და რატი ბრეგაძეს. ეს ყველაფერი კი 1-ელ თებერვალს გამართულ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი. რაც შეეხება მოარულ ხმებს ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის - უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენი წყარო "ქართული ოცნებიდან“ გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე არა, მაგრამ პარტიაში ამას მოგვიანებით არ გამორიცხავენ.

ორი ირაკლის გადაადგილების მიზეზებზე ambebi.ge - სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

"დღეს ყველა იმეორებს ფორმულას - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, მაგრამ ეს მარტო ჩვენ ხომ არ ვიცით, იცის იმანაც, ვინც ეს დაგეგმა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური როქი, მაგრამ რატომ დასჭირდება და რისთვის, ეს გარკვეული დროის შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება. არის კიდევ ერთი მომენტი - დაახლოებით 12 წლის წინ, ანალოგიური რაღაც მოხდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც“, როცა მერაბიშვილი გადაიყვანეს პრემიერად, ის "ნაცმოძრაობის" მმართველობის ბოლო პრემიერი გამოდგა. ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმას, რაც მაშინ იყო. ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილს უფრო ნაკლებად ექნება შეხება მიმდინარე პროცესებთან, მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ თანამდებობას ინარჩუნებს, მაგრამ ძირითადი დარტყმები და გადაწყვეტილებები მოვა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრზე...

როგორც ჩანს, ამ მძიმე საარჩევნო წელს ივანიშვილმა პასუხისმგებლობა მთლიანად კობახიძეს დააკისრა. გარკვეულწილად, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ერთის მხრივ, ეს არის დაწინაურებაც, მეორეს მხრივ კი ხიფათიც თავად კობახიძისთვის. კობახიძე საკმაოდ ხისტი პოლიტიკოსია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არჩევნები მთლად ასე იოლად და რბილად არ ჩაივლის, ივანიშვილი პასუხისმგებლობას მთლიანად კობახიძეს დააკისრებს.

ჩემი აზრით, ბიძინა ღარიბაშვილს უფრო ენდობა, ვიდრე კობახიძეს. ამასთანავე, ღარიბაშვილს ნაკლები ამბიციები აქვს კობახიძესთან შედარებით. არ მგონია, ამ ცვლილებამ საზოგადოებაში რაიმე ახალი განწყობები შემოიტანოს (ვერც მერაბიშვილის გაპრემიერებით ვერ შექმნეს თავის დროზე განწყობები), პრემიერი ერთი ირაკლი იქნება, თუ მეორე, ეს ქვეყანაში ვერაფერს შეცვლის იმიტომ, რომ პირველი პირები მაშინაც რჩებოდნენ პირველებად და ახლაც. მაშინ მიშა იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, დღეს - ბიძინა იღებს. ჩემი დაკვირვებით, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს "ირაკლი ღარიბაშვილი მეტად ესიმპათიურება, ვიდრე კობახიძე, ამიტომ საარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯს ამას ვერ დავარქმევთ. შეიძლება ღარიბაშვილს უპირებს სიის პირველ ნომრად განწესებას და ამიტომაც გადაწყვიტა ამ როქის გაკეთება. მოკლედ, რთული სათქმელია ზუსტად რა და როგორ არის...

უტას პოლიტიკაში შემოყვანას რაც შეეხება, ეს თუ მოხდა, მოხდება არჩევნების შემდეგ, ამას ივანიშვილი არჩევნებამდე არაფრით გააკეთებს, იმიტომ, რომ შვილს დარტყმის ქვეშ არ დააყენებს, ეს გამორიცხულია. "

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი იმისთვის კი არ დაბრუნდა, რომ ახალი რაღაც შექმნას და გადატრიალება მოახდინოს, უბრალოდ, დაბრუნდა იმისთვის, რომ თუ სავაჭროა ვინმესთან (ჩვენს პარტნიორებს ვგულისხმობ), როგორც შევარდნაძემ და სააკაშვილმა ივაჭრეს, ივაჭროს მანაც. მისი მესამედ დაბრუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ეს.

არ გამოვრიცხავ, ღარიბაშვილს გაჰყვნენ მინისტრებიც, თუმცა ეს ძალოვნებს არ შეეხება - გომელაური და ლილუაშვილი პოსტებს შეინარჩუნებენ, ივანიშვილი მათ არ გაუშვებს (კობახიძეს არავინ არაფერს ეკითხება)".