ავტორი:

22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

დღევანდელ სტატიაში ახალგაზრდა დედის, მაკა შავაძის ისტორიას მოგიყვებით. მაკა 22 წლის სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს, პარალელურად კი შვილს, პატარა დემეტრეს უვლის, რომელსაც 1 თვის ასაკში ნაწლავების ინფექცია განუვითარდა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი იმუნური სისტემის არმქონე ბავშვისთვის ურთულესი აღმოჩნდა. დემეტრეს საავადმყოფოში 2 წლის გატარება მოუწია.

ამ პერიოდთან დაკავშირებულ დეტალებზე მაკამ Ambebi.ge-სთან ისაუბრა და მკითხველს თავისი "პირადი სასწაული" გაუზიარა:

- ფეხმძიმობა უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენდა საბედნიეროდ, ექოსკოპიის დროს არანაირი გართულება არ აღმოჩენილა - საკმაოდ ნორმალური ბავშვი იყო. რაც შეეხება ნაადრევ მშობიარობას - გამომწვევი მიზეზი არ ვიცით. არანაირი წინასწარი ნიშანი არ მქონია. ერთადერთი, რაც უნდა გამეთვალისწინებინა, და ალბათ ვერ გავითვალისწინე არის ის, რომ ჩემი მეუღლეც და მისი დაც ნაადრევად არიან დაბადებულები (8 თვე) - შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკური ფაქტორით იყო განპირობებული.

ფეხმძიმობის პერიოდში არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მაინც ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვისაც არ მომეკლო დრო და სწავლა დამემთავრებინა. ამჟამად მე-4 კურსზე ვარ.

ბავშვი ერთი თვის იყო, როცა ნაწლავის კედლის ინფექცია განუვითარდა. ნაწლავების ინფექცია ყველაზე ხშირია დღენაკლულ ბავშვებში. გარდა ამისა, ფილტვი ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საჭირო გახდა აპარატზე მიერთება. ინფექციამ ნაწლავის შეშუპება, შემდეგ კი შეწებება გამოიწვია - მოხდა გაუვალობა. ამის გამო ოპერაცია გახდა საჭირო.

ამ მხრივ ექიმში ძალიან გამიმართლა. დემეტრეს ექიმი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩავუტარეთ. ექიმებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ - ნაწლავი შეწებებული იყო არა ერთ, არამედ რამდენიმე ადგილას. შესაბამისად, ყოველ ადგილზე ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მაშინ მითხრეს, რომ გადარჩენის შანსები 50/50-ზე იყო. ფაქტობრივად, გონება წამერთვა. ყველაზე რთული პოსტოპერაციული პერიოდი გამოდგა.

7 თვემდე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. მოსანახულებლად მხოლოდ ერთი საათი მქონდა გამოყოფილი. პირველი რამდენიმე თვე წონის პრობლემაც ჰქონდა - ვერ იმატებდა, კოვიდიც გადაიტანა. ჯამში, საავადმყოფოში ორი წელი გავატარეთ.

- შენთვის, როგორც ახალგაზრდა დედისთვის, ეს საკმაოდ რთული პერიოდი უნდა ყოფილიყო. რა გავლენა მოახდინა ამან შენ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?

- ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიცოდი, დადგებოდა ის დღე, როცა დემეტრეს საავადმყოფოდან გამოვიყვანდი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდით. არასდროს შემშინებია იმის, რომ რამე მოუვიდოდა - ბევრი მშობელი მინახავს, ვისაც ამ ყველაფრისთვის ვერ გაუძლია, მუდამ სტრესში ყოფილან... იყო შემთხვევები, ბავშვი საავადმყოფოში მიუტოვებიათ...

როდესაც დემეტრე მიყურებდა, მეგონა, რომ მესაუბრებოდა, მისი თვალების ყოველთვის მესმოდა - ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ თუ ეს ბავშვი თვალებით ასე მკაფიოდ მელაპარაკებოდა, აუცილებლად კარგად იქნებოდა. და ესეც მოხდა.

მოგვიანებით დემეტრე პალიატიურში გადაიყვანეს, პირველი შთაბეჭდილება ძალიან რთული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, პალიატიურში უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები არიან. თუმცა, ეს მომენტიც მალე გადავლახეთ. აუცილებლად უნდა ვახსენო ექთანი, რომელიც მუდმივად გვერდით მედგა - ნინო ქაჩლიშვილი - იგი დემეტრეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებდა. ასევე, ექიმი ნელიკო შიოშვილი, რომლის ღვაწლიც ძალიან დიდია.

ძალიან კარგი გარემოა და დიდი სიყვარული ამ ბავშვების მიმართ. როდესაც ჩემი სახლში წასვლის დრო დგებოდა, ვიცოდი, რომ შვილს მზრუნველი ადამიანების ხელში ვტოვებდი. საბოლოოდ, იმ ეტაპზე მივედით, რომ დემეტრეს აპარატი აღარ სჭირდებოდა.

- საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა შენზე გადმოვიდა. ეს პროცესი გაგიჭირდა?

- ორი წელი ვიბრძოდი იმისთვის, რომ დემეტრე საავადმყოფოდან გამომეყვანა. ყველაფერს ვსწავლობდი, ექიმებს კითხვებით "ვაწუხებდი". როცა ბავშვის სახლში წამოყვანის დრო მოვიდა, შემეშინდა. ვნერვიულობდი... მეგონა, კარგად ვერ მივხედავდი. პირველი ორი კვირა ძალიან სტრესული იყო. ყველაფერი ვისწავლე, მათ შორის, ზონდის ჩასმაც. საბოლოოდ, დემეტრე 30 ივნისს გამოვიყვანეთ.

ექიმის დახმარებით აღმოვაჩინე ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“, სადაც ბავშვებს და მშობლებს ეხმარებიან - სახლშიც მიდიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჰოსპისი შემოწირულებებით ფინანსდება და სრულიად უფასოა.

- მაკა, საინტერესოა ჯანდაცვის სამინისტრო რამდენად არის ჩართული ბავშვების მკურნალობის პროცესში: თუ იღებთ ფინანსურ დახმარებას, ოპერაცია თუ დაფინანსდა?

- სამინისტრომ მხოლოდ სანაციის აპარატი დამიფინანსა ერთჯერადად. ბევრი მშობელი მინახავს, ვისაც არაფერს უფინანსებენ. ამ ყველაფრის გარდა, ფინანსურად ბევრი საზრუნავი მქონდა - დემეტრეს აქვს შშმ-ის სტატუსი და თავისი პენსია, რაც ამ ეტაპზე 390 ლარს შეადგენს. დამეთანხმებით, რომ თვეში ეს თანხა არაფერს ნიშნავს. ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შშმ ბავშვებს იმდენი შემოსავალი აქვთ, რომ მათ მშობლებს ზედმეტი საზრუნავი არ ექმნებათ.

ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, და რომც ვმუშაობდე, მაშინ ძიძის აყვანა მომიწევს, რომელიც დემეტრეს სათანადოდ ვერ მოუვლის. ჩვენ ანალიზებს თვეში რამდენჯერმე ვიკეთებთ - ამაში მინიმუმ 600 ლარი მეხარჯება. აქედან არაფერი მიფინანსდება. ვიცი, რომ მერია რაღაცებს აფინანსებს, თუმცა ამისთვის თბილისში უნდა იყო ჩაწერილი. მე ოზურგეთიდან ვარ, ჩემი მეუღლე კი ქარელიდან.

დემეტრე სარეაბილიტაციო ცენტრში დამყავს. თვის განმავლობაში 20 თერაპია გვქონდა, თუმცა შეამცირეს და ახლა 16 გახდა. გარდა ამისა, არც გაცდენილი დღეები აღარ გვინაზღაურდება.

ამ თვეში დემეტრეს ვირუსი ჰქონდა და საავადმყოფოში სამი კვირა იწვა. ძალიან რთულად გადაიტანა, შესაბამისად თერაპიის კურსების გაცდენა მოგვიწია. თუმცა მითხრეს, რომ გაცდენილი დრო აღარ ანაზღაურდება. ჩემი შვილისთვის რეაბილიტაციის თითოეული დაკარგული დღე 1 წელს უდრის.

- როდის გადაწყვიტეთ ვიდეოების გადაღება და თქვენი აზრით, რა არის tiktok-ის, როგორც სოციალური პლატფორმის ყველაზე დიდი სარგებელი ამ შემთხვევაში?

- ტიკ-ტოკის გვერდი 2018 წლიდან მქონდა - თუმცა უფუნქციო იყო. დემეს დაბადების შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციის მოძიება დავიწყე, მათ შორის ტიკტოზე - ეს ძალიან დამეხმარა, ერთგვარი მოტივაცია იყო... სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი ისტორიაც გამეზიარებინა.

მოხდა ისეც, რომ ბევრი მშობელი გამომეხმაურა, ვისაც ჩვენნაირი პრობლემა ჰქონდა. ბევრ რამეს მასწავლიან და ჩემს რჩევებსაც იღებენ. აღმოჩნდა, რომ მარტო არ ვყოფილვარ - ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს.

რა თქმა უნდა, იყო კომენტარები, რომლებიც გულს მტკენდა - „რა ცოდო ხარ“ - ეს კომენტარი არ მიყვარს. მე არ მეცოდება ჩემი შვილი, მას არაფერი არ სჭირს შესაბრალებელი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასე მწამს და მჯერა. მინდა, რომ ადამიანები მეტად გამგებიანები ვიყოთ.

- რას ეტყოდი მშობლებს, რომლებსაც მსგავს პრობლემებთან უწევთ შეჭიდება?

- ვეტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად არასდროს არ დაკარგონ თავიანთი თავის და შვილების რწმენა. თუ ამ პატარაში აღმოჩნდა ძალა, რომ იმ სირთულეებს გადარჩენოდა, მაშინ მე ვალდებული ვარ ჩემს თავში იგივე ძალა ვიპოვო და ჩემი შვილის ვიწამო. მინდა, ყოველთვის სჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ეს გადაგვარჩენს. რისკები ყოველთვის არსებობს - მთავარია, რისი გვჯერა.