დაიან მაკკეი ბრიტანეთიდან ტრინიდადში გაემგზავრა, რათა დედის მკვლელს, ნიზამოდინ ჰოსეინს შეხვედროდა, რომელმაც მიურიელ მაკკეი წლების წინ გაიტაცა და მოკლა. მან ჩადენილი დანაშაულისთვის ბრიტანულ ციხეში 20 წელი გაატარა. დაიანი მის სანახავად ჩავიდა, რათა დედის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე გაეგო.
6500 კმ-იანი მანძილის დაფარვის შემდეგ, 84 წლის მაკკეი მკვლელ ჰოსეინს შეხვდა და უთხრა: "გამარჯობა, ეს მე ვარ, დაიანი. მთელი ეს გზა იმისთვის გამოვიარე, რომ თქვენ მენახეთ", - უთხრა მან კაცს, რის შემდეგაც ლოყაზე აკოცა.
ჰოსეინმა უპასუხა: "მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ, მიხარია თქვენი ნახვა“.
დაიანი თავის შვილთან მარკ დაიერთან ერთად შეხვდა კაცს, რათა დედის სიკვდილის დეტალები გაეგო. მიურიელ მაკკეი 1969 წელს მოკლეს. ჰოსეინსა და მის უფროს ძმას არტურს ჰარტფორდშირის ფერმაში ჰყავდათ ქალი გამოკეტილი.
ისინი გამოსასყიდ თანხად 1 მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. ძმები ფიქრობდნენ, რომ მათ რუპერტ მერდოკის ცოლი მოიტაცეს. რუპერტმა იმ პერიოდში ტაბლოიდი The Sun იყიდა. თუმცა შემთხვევით, ძმებმა გაზეთის ხელმძღვანელის ალიკ მაკკეის ცოლი მიურიელი ამოიღეს სამიზნეში და ის ავსტრალიელი მაგნატის ცოლში შეეშალათ.
დაიან მაკკეი ემოციურ შეხვედრას იხსენებს: "ვფიქრობ, ნიზამში ახალგაზრდა ადამიანი უნდა დავინახოთ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, და არა ეს სასაცილო მოხუცი. თქვენ ამ ყველაფრის დანახვა უნდა შეძლოთ. ის ახალგაზრდა იყო და თავისი საშინელი ძმის დიდი გავლენის ქვეშ მოექცა. ნიზამი ბრიტანეთში ახალი ჩასული იყო და არავის იცნობდა. მან ის გააკეთა, რაც ძმამ უთხრა“, - ამბობს დაიანი.
ჰოსეინი და მიურიელი ერთმანეთს ვიდეო-ზარითაც ურეკავდნენ ხოლმე. ამ ზარების მიზანი იყო - დედის სიკვდილის ადგილის გამოვლენა, ქალს სურდა, რომ დედა წესის მიხედვით დაეკრძალა.