ავტორი:

ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის

ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება ბრიუსელში, წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას "დროული, პროგნოზირებადი და მყარი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ“ უკრაინას. ამასთანავე, როგორც გამოცემა წერს, პროექტში ჯერ ღიად არის დარჩენილი, დათანხმდებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების ფონდში კიდევ 5 მილიარდი ევროს შეტანას. ამის წინააღმდეგი იყო უნგრეთი, მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევას.

"ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება.

“ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს”, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონგრესში მიმდინარე დავების გამო უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება უკვე გარკვეულ დონეზე იგრძნობა ბრძოლის ველზე.