ავტორი:

"არ გინდა ომში წასვლა? მუხლს გაგიხვრეტენ, სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ“ - უკრაინის 118-ე ბრიგადის მეთაური უმკაცრეს ზომებს ითხოვს: როგორ აპირებს ქვეყანა მობილიზაციის წესების შეცვლას

"არ გინდა ომში წასვლა? მუხლს გაგიხვრეტენ,  სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ“ - უკრაინის 118-ე ბრიგადის მეთაური უმკაცრეს ზომებს ითხოვს: როგორ აპირებს ქვეყანა მობილიზაციის წესების შეცვლას

"უკრაინას სჭირდება "მკაცრი მობილიზაცია“, თორემ ომის წაგების რისკია", - ამის შესახებ 118-ე ბრიგადის მეთაურმა, ანატოლი სტუჟენკომ "18 три нуля-სთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ, რომელსაც ომში გამარჯვება სურს, აბსოლუტურად ყველა რესურსის მობილიზაცია უნდა შეძლოს.

"ამის მაგალითია ისრაელი, რომელმაც მობილიზაცია ჯერ კიდევ 40-იან წლებში შეძლო. იქ ბავშვებიც ომობდნენ. დაიცვეს კიდეც თავიანთი მიწა და შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, რომელიც დღესაც არსებობს. და ასევე დღესაც იბრძვის“, - ამბობს სტუჟენკო.

მან განაცხადა, რომ აგრესიული მეზობელი არასდროს დაანებებს უკრაინას თავს, სანამ არ დაიპყრობს.

"დღეს ჩვენ ძალიან დიდი გამოცდის წინაშე ვართ. ჩვენ ომის პირველივე დღიდან გავერთიანდით. მე ახლა ვხვდები, რომ გავერთიანდით ისინი, ვინც უკრაინას ვგულშემატკივრობდით და ბოლომდე ერთად ვართ. დანარჩენები უბრალოდ, რჩევებს იძლევიან, შეცდომებს ეძებენ, გახდნენ ადვოკატები, მრჩევლები - რჩევებს გვაძლევენ, როგორ უნდა უპასუხონ თუ მანქანა გააჩერეს (გულისხმობს სამხედრო აღრიცხვაზე უკრაინაში არსებულ წესს, რომელიც მოიცავს შესაბამისი პირების მიერ ავტომობილების გაჩერებას და იქ მყოფი მამაკაცების აღრიცხვას - რედ.).

ასე უნდა იყოს - არ გადმოხვედი მანქანიდან? მუხლს გაგიხვრეტენ, მხოლოდ ასე, სხვანაირად ვერ გავიმარჯვებთ. მკაცრი მობილიზაციაა საჭირო“, - დაამატა მეთაურმა.

სტუჟენკომ ასევე დაუშვა, რომ თუკი რუსეთი გაიმარჯვებს, შემდეგ მათ, ვინც ახლა მობილიზაციას თავს არიდებს "საზარბაზნე ხორცად“ სხვა ქვეყნების დასაპყრობად გამოიყენებს:

"ახლა ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ხვალ შეიძლება ისე მოხდეს, როგორც მარიუპოლში. რუსებისთვის ჩვენ არავინ ვართ. ვინც ახლა ფრონტზე ვართ, თუკი ჩვენ დავეცემით, ამ "დივნის ექსპერტებს“ ერთად შეკრებს, ჩააცმევს მწვანე მყრალ ფორმას, უბრალო იარაღებს გადასცემს და ყველანი პოლონეთის მიმართულებით დაიძვრებიან“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.

უკრაინული გამოცემის, "უნიანის" ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადაში მობილიზაციის გაძლიერების შესახებ ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. პარლამენტში დოკუმენტის მთავარი წარდგენელი, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი კი თანამომხსენებელი იქნება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მათ, ვინც სამხედრო სამსახურს თავს აარიდებს, უცხოეთში გასვლა აეკრძალებათ, ასევე მთავრობას მათი აქტივების დაყადაღების შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახური შეეხებათ ჩინოვნიკებსა და სამართალდამცავებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე