ავტორი:

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ნიუ-იორკში მდებარე ეს ეკლესია თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შთამბეჭდავია, არამედ მიმზიდველი და სულიერად ამაღლებული" - ამბობს ქართველი დიზაინერი მარიტა კაპანაძე. იგი ნიუ-იორკიდან გვესაუბრა თუ როგორ დააპროექტა სალოცავი სახლი, რომელიც 463 ადამიანზეა გათვლილი...

- ეს შენობა არის სალოცავი სახლი (House Of Worship), რომელიც გათვლილია 463 პერსონაზე. მდებარეობს ნიუ იორკში, მე-17 ავენიუზე. დაპროექტებულია ნიუ იორკის რეგულაციების გათვალისწინებით და დამტკიცებულია DOB-ის მიერ (Department Of buildings). ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა... დამკვეთი გახლავთ ერიკ სალგადო, მინისტრი და ნიუ იორკის მერობის კანდიდატი, ასევე ქალაქის საემიგრაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ბრუკლინის პასტორი.

დაკვეთა მიიღო ჩვენმა კომპანიამ Citiscape რამდენიმე წლის წინ, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი აღნიშნულ ფირმაში, პროექტირება დაიწყო სხვა არქიტექტორ-დიზაინერმა, რაღაც ნაწილი სამუშაო უკვე შესრულებული იყო, თუმცა DOB-ისგან დახარვეზებული. ჩემი ფუნქცია იყო პროექტის გამართვა რეგულაციების მიხედვით, ყველა არქიტექტურული და ენერგო ეფექტურობის ხარვეზების აღმოფხვრა და ფაქტობრივად მომიწია თავიდან გადაპროექტება მთელი შენობის. ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან ჩემი ერთ-ერთი პირველი კომერციული პროექტია, თან იმ დროისთვის მომიხდა საქართველოში წამოსვლა და გარკვეული დროით ონლაინ მუშაობა თბილისიდან.

მომიწია კომერციულ Zonning Regulation და Buildign Code-ებში გარკვევა და ამავდროულად გარკვეულწილად მათ რელიგიურ (ევანგელისტურ) რიტუალების გაცნობა. ბატონი ერიკი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც წარვუდგინეთ უკვე დასრულებული პროექტი და მივიღეთ მშენებლობის ნებართვა. პირადად გადამიხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელმა წარმადგინა, როგორც მისი პროექტის მენეჯერი. მე უკვე 2 თვეა გადავედი უფრო დიდ კომპანიაში მანჰეტენზე, თუმცა დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვადევნებ თვალს, ჩემს ყველა მიმდინარე პროექტს, ყოფილ თუ ახალ ფირმაში შესრულებულს.

რამდენიმე რელიგიური დაწესებულება გვაქვს უკვე დაპროექტებული ნიუ-იორკში, მაგრამ არცერთი ქართული (მხოლოდ სინაგოგა). სამწუხაროა, რომ აქამდე ვერავინ შეძლო და ააშენა ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია, მითუმეტეს, რომ საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს ნიუ-იორკის იმიგრაციას და მექსიკის საზღვრის გააქტიურება ეკლესიასაც დაეტყო. ხალხი წირვაზე გარეთ დგას და ისე ისმენს, იმდენად შეუძლებელია უკვე იმ პატარა სივრცეში მოთავსება, რაც ჩვენს ეკლესიას უკავია, შენობის პირველ სართულზე. დიდი ხანია ცდილობს ეკლესია შემოწირულებებით შეაგროვოს საკმარისი თანხა, მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ასე გახშირდა ემიგრაცია საქართველოდან უსახსრობის გამო და არა სწავლისა და კარიერული წინსვლისთვის. მათ ალბათ, განსაკუთრებით სჭირდებათ სალოცავი სივრცე, არამხოლოდ სულიერი ამაღლებისთვის, არამედ თუნდაც განმუხტვისა და ადამიანური კომუნიკაციებისთვის, მათსავე ქვეყნის შვილებთან. ეს ხალხი აქ არაადამიანურად შრომობს, წვალობს, დეპრესიასა და სასოწარკვეთას ებრძვის და ღმერთი უმრავლესობისთვის ერთადერთი იმედია.

პროექტის შესახებ - ექსტერიერი:

ექსტერიერის დიზაინი არის თანამედროვე სტილის ბეტონისა და ხის კომბინაცია, რომელიც ჰარმონიულად განასახიერებს რწმენისა და არქიტექტურის თანხვედრას, ტრადიციას და ინოვაციებს.

ეკლესიის წინა ფასადის მთავარი ელემენტი არის მაღლივი შუშის ჯვარი, რომელიც აერთიანებს როგორც რწმენის სიმბოლოს ასევე არქიტექტურულ ელემენტს. მისი ფუნქცია არა მხოლოდ უზრუნველყოფს დრამატულ ვიზუალურ ზემოქმედებას, არამედ საშუალებას აძლევს ბუნებრივ შუქს გაანათოს ინტერიერი. ზემოთ მიმართული ხაზები მაღალ ვიწრო ფანჯრებთან ერთად ქმნის აღმავალი მოძრაობის განცდას, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ღმერთისკენ სწრაფვას.

ექსტერიერის დიზაინი არის ბეტონისა და ხის ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ქმნის ელეგანტურ და თბილ კონტრასტს. ბეტონის ელემენტები განასახიერებს თანამედროვეობას და გამძლეობას, ხის აქცენტები კი მატებს მეტ სითბოსა და ტრადიციულ იერს. ცივ ბეტონის ტონალობას აბალანსებს თბილი ყვითელი განათება რომელიც იღვრება ფასადის მთავარი ელემენტიდან-ჯვრის ფორმის მინის კონსტრუქციიდან.

ინტერიერი:

ინტერიერის მთავარი ნაწილი არის ფართო და გაშლილი ზონა, რომელიც შექმნილია 463-მდე ადამიანის კომფორტულად მოსათავსებლად. ღია კონცეფცია და გახსნილი ჭერი ქმნის სიდიადისა და ჰაეროვნების განცდას.

ანტრესოლის ჩართვა სივრცეს დამატებით განზომილებას ანიჭებს, აივნებზე განთავსებულია დამატებითი დასაჯდომები საიდანაც კომფორტულად იშლება სარიტუალო სივრცე, რომელიც მრავალმხრივია და იდეალურია შეკრებების, სათემო ღონისძიებების და სხვა კრებითი აქტივობებისათვის. უკანა მხარეს განთავსებულია ამაღლებული სცენა მომხსენებლებისთვის, რომლის წინ დამონტაჟებულია აუზი, განათვლის რიტუალისათვის... 2 კიბე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი უზრუნველყოფს სამივე დონეზე ხელმისაწვდომობას დამსწრე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი პერსონალისთვის. ყველა სართულზე განთავსებულია სველი წერტილები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე.

მესამე სართული ეთმობა ოფისებს, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკულ და ფუნქციურ სივრცეს ადმინისტრირებისთვის, ეფექტურობისა და პროდუქტიულობისთვის და ამასთანავე პასუხობს თანამედროვე დიზაინის სტანდარტებს.

მასალები:

ბეტონისა და ხის, როგორც პირველადი მასალების გამოყენება არა მხოლოდ ესთეტიკურ მიმზიდველობას მატებს, არამედ სიმბოლურად წარმოადგენს ძალას, ტრადიციას და თანამედროვეობას. აქცენტირებულია მინის ჩანართები, როგორ სინათლისა და ჰაეროვნების წყარო.

ეს ეკლესია თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შთამბეჭდავია, არამედ მიმზიდველი და სულიერად ამაღლებული. დიდი შუშის ჯვრის ელემენტი წინა ფასადზე არის მთავარი მახასიათებელი, სიმბოლოა რწმენისა. დეტალებზე ორიენტირებული და გააზრებული დიზაინით, ეს შენობა უზრუნველყოფს ლამაზ და ფუნქციურ სივრცეს რელიგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.