საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო

საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ, ტექნოლოგიების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო. სიმბოლურად შეირჩა 1 თებერვალი - არჩევნების საერთაშორისო დღე.

პირველი კორპორაცია, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მუშაობას გაეცნენ „კოკა - კოლა ბოთლერს ჯორჯიაა.“ კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

,,დღეს არჩევნების საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი აქტივობა ამომრჩეველთა ინფორმირებას ეხება. ჩვენ ვიმყოფებით კოკა-კოლაში, რომელიც გახლავთ პირველი იმ დიდი კორპორაციებიდან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა უშუალო ინტერაქციის პირობებში, თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო კოკა-კოლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გამოხატული მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია საარჩევნო კულტურის განვითარებისა და შემდგომი ტრანსფორმაციისთვის“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის შემდგომ.

ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას პირადად დაესწრო „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს აღნიშნული შეხვედრის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

,,ბატონმა გიორგიმ ძალიან სრულყოფილი და დამაჯერებელი ინფორმაცია წარმოგვიდგინა ელექტრონული აპარატების შესახებ, აღტაცებულები დავრჩით, ვფიქრობ წლევანდელი არჩევნები სრულყოფილი იქნება. წარმატებას ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს და პირველ რიგში ცესკოს იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მან გასწია.“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო საკითხებისადმი ამომრჩეველთა დეტალური ინფორმირებაა, შესაბამისად ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები კვლავ უწყვეტად გაგრძელდება.