სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთი წიგნი უკვე ცნობილია. ანე ფრანკის "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით“),მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ და ჯეინ ოსტინი „ემა“ - სწორედ ასე გამოიყურება ხუთეული, რომელიც მკითხველის დიდი აქტიურობის შედეგად შეირჩა.

სერიის პირველი წიგნი უკვე დაბეჭდილია და წინასწარი ონლაინ გაყიდვებიც დაწყებულია. წიგნის წინასწარი შეკვეთები გამომცემლობის ვებგვერდზე 15 იანვარს დაიწყო და მათ, ვინც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, ექსკლუზიურად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ ღონისძიებას, რომელზეც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს. გამოცემა წიგნის მაღაზიის თაროებზე კი 19 თებერვალს გამოჩნდება. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტის ფარგლებში გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს.

ეტაპობრივად გამოვა და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება შერჩეული ხუთეულის სხვა წიგნებიც.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა უკვე მიიღო. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა. კიდევ 10 წიგნის შერჩევის პროცესი კი კვლავ გრძელდება. იაქტიურეთ, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შექმენით XXI საუკუენის ბიბლიოთეკა საკუთარ თაროებზე.

R