ავტორი:

"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა

"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა

რამდენიმეთვიანი გაფრთხილების შემდეგ, კატალონიის ხელისუფლებამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მაღალმა ტემპერატურამ წყალსაცავებში წყლის დონის შემცირება გამოიწვია.

"სიტუაცია კრიტიკულია ბარსელონასა და ჟირონას გარშემო, ამიტომ უფრო ძლიერი ზომების მიღება გვიწევს", - განაცხადა კატალონიის მთავრობის წარმომადგენელმა ლაურა ვილაგრამ.

რეგიონში თითქმის 40-თვიანი წვიმის ნაკლებობამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. ხვალიდან მოსახლეობის 80%, მათ შორის ბარსელონა, წყლის მკაცრი შეზღუდვის ქვეშ იქნება: მანქანის რეცხვა, ბაღის მორწყვა ან საცურაო აუზის შევსება 50 ევრომდე დაჯარიმდება.

ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა დაყოფილია სამ ეტაპად, რომელიც გვალვის გაუარესების მიხედვით იცვლება: პირველ ფაზაში წყლის მოხმარება შეზღუდულია დღეში 200 ლიტრამდე ერთ ადამიანზე; მეორე ფაზაში 180 ლიტრამდე; ხოლო მესამე ფაზაში 160 ლიტრამდე. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ესპანელები დღეში საშუალოდ 133 ლიტრ წყალს მოიხმარენ. ხელისუფლება წყლის წნევის შემცირებასაც გეგმავს.

კატალონიაში 40 თვეა საშუალოზე დაბალი ნალექია. ექსპერტების თქმით, ხმელთაშუა ზღვის მთელი რეგიონი უახლოეს წლებში უფრო სწრაფად გათბება, ვიდრე მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილი.

„სამხრეთ ევროპა პოტენციურად კრიტიკულ გვალვას განიცდის. ყველაზე მეტად დაზარალდა ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, ცენტრალური და სამხრეთ იტალია, საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები“, - აცხადებენ კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

წყარო: euronews.com