ავტორი:

"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე

"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე
  • მთავარ ფოტოზე: მამუკა მამულაშვილი, გოჩა ჟვანიასთან და ზურა წიკლაურთან ერთად

"გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო მებრძოლები, ერთგულები, უღალატონი. აუცილებლად ვიძიებთ შურს!" - ასე ეხმაურება „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, ლეგიონის მებრძოლების გოჩა ჟვანიასა და ზურა წიკლაურის დაღუპვის ამბავს.

  • წიკლაური და ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაეცნენ. ისინი "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში 2014-2015 წლიდან იბრძოდნენ. გოჩა ჟვანია ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობების გამო გერმანიაში იყო სამკურნალოდ და უკრაინაში სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. რეაბილიტაციის კურსი ახალი დამთავრებული ჰქონდა ზურა წიკლაურსაც.

უფრო მეტს მათ შესახებ მამუკა მამულაშვილი გვიამბობს:

- ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეჭირა ერთად იარაღი. ათი წელი იყვნენ ჩემს გვერდით... "ქართული ლეგიონის" საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. გოჩა ჟვანიამ რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და მითხრა, ახლა ყველა ერთგული ერთად ვართო. მხოლოდ კარგი მებრძოლები კი არა, უერთგულესი ადამიანები იყვნენ, კაცობა არ შეშლიათ არასოდეს! გაგვიჭირდება მათ გარეშე, ნათელში იყოს მათი სულები... აუცილებლად ვიძიებთ შურს.

- ბოლო დროს, ხშირად უსვამთ ადამიანის ამ თვისებას - ერთგულებას. ლეგიონში ღალატს ჰქონდა ადგილი?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა ბოლო დროს. ზოგადად, ცუდი გამოცდილება დამიგროვდა ამ მხრივ. სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია ჩემი თანამემამულე შემემჩნია ისეთ თვისებაში, რაც ზოგადად ქართველ კაცს არ ახასიათებს. ჩემი აზრით, ღალატი ქართული ხასიათისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, დროდადრო ესეც ხდებოდა. სწორედ მოღალატეების გამო ზარალდებოდა საქართველო უმთავრესად.

- ლეგიონმა ორი თვის წინაც საუკეთესო მებრძოლები - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაკარგა, მაგრამ მათი ცხედრების ცხელი წერტილიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ახლა ხდება ამ მიმართულებით?

- რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი ამ დრომდე ვერ გამოვიყვანეთ ცხელი წერტილიდან, იმიტომ რომ იქ დღემდე მიმდინარეობს იქ აქტიური ბრძოლები. თუმცა, ეს ბიჭები ცხედრების გაცვლის პროგრამაში არიან და ველოდებით გაცვლას.

- როგორია ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება?

- ძალიან რთული. თქვენ ხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებულად გახშირდა ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტები. ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას ასახავს. არასაკმარისი ტყვია-წამლისა და ასევე არასაკმარისი კომუნიკაციის გამო სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დროულად არ მიაწვდის დახმარებას, სიტუაცია ძალიან გართულდება გაზაფხულისთვის.

- ვიდრე ამერიკაში ამ საკითხზე მსჯელობა მიდის, ევროპული ქვეყნების ლდიერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი გამოიყოფა.

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე, უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურად ეხმარებოდა, ვიდრე ევროპული ქვეყნები, ახლა ვითარება შეიცვალა, ყველაფერი პირიქით ხდება. ევროპელების გააქტიურება ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის, ამერიკას ბევრად დიდი რესურსი აქვს, იმისათვის, რომ უკრაინა საჭირო იარაღით და ამუნიციით აღჭურვოს.