ავტორი:

როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)

როგორი იყო თბილისი საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინ - პირველი გამწვანებული ბაღები და სკვერები: სად ისვენებდნენ თბილისელები (ფოტოები)

თბილისს XVIII საუკუნის ჩათვლით, თავისებური გამწვანების ისტორია და კულტურა ჰქონდა, ერთი ხე არ იყო თურმე ქალაქში. ამჯერად დედაქალაქის წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდზე შევჩერდებით. როგორც უკვე მიხვდით, თემა ქალაქის ადრინდელი გამწვანება, პირველი საზოგადოებრივი ბაღები და მოედნებია.

"ვინაიდან თბილისი ყოველთვის თავდაცვაზე იყო ორიენტირებული, რადგანაც ქალაქს მუდმივად დაპყრობა ემუქრებოდა, ამიტომ, თავიდან გალავანში იყო მოქცეული და ჩაკეტილი. სახლები ერთმანეთზე იყო მიბჯენილ-მიწყობილი, იყო კაპილარული ქუჩები, სამშენებლო ტექნიკა ვერ ვითარდებოდა და სახლები ერთსართულიანი, ბანიანი გახლდათ. იმის გამო, რომ ქალაქი სიმაღლეში ვერ მიდიოდა, მიწას მაქსიმალურად ითვისებდნენ, მაგრამ ხის დარგვის, გამწვანების და ბაღების ფუფუნება არ ჰქონდათ," - ეს პარლამენტის წევრის, წარსულში კი "თბილისის ჰამქრის“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ნაამბობია. ალეკო წლებია, თბილისის ისტორიას სწავლობს.

მისივე თქმით, იმ პერიოდში თბილისში მოედანიც სულ სამი იყო. ეს ყველაფერი ფეოდალურ პერიოდში, საქართველოში რუსების შემოსვლამდე (1801 წელი) ხდებოდა. ერთი მოედანი "შაითან ბაზარი" (სავაჭრო დატვირთვის) იყო, ახლა "გორგასლის მოედანი,“ რომელიც პრაქტიკულად დაიკარგა და იქაურობას მოედნად ვეღარც აღვიქვამთ (ეს ის ადგილია, სადაც ამჟამად შარდენის ქუჩა იწყება, სხვაგვარად მას "თათრის მოედანიც" ერქვა და "ციხის მოედანსაც" ეძახდნენ). ასევე იყო "მოღნის მოედანი" (დღევანდელი "გუდიაშვილის მოედანი"), იქ შრომის ბირჟა გახლდათ (დაახლოებით ისეთი, ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ არის), სადაც კურტნის მუშისა და სხვა მოხელის დაქირავება შეიძლებოდა. გვქონდა "ბატონის მოედანიც," ანუ ახლანდელი "ერეკლეს მოედანი". ეს მთავარი მოედანი იყო, რადგანაც საპატრიარქოს შენობის ადგილზე იმხანად მეფის სასახლე იდგა და იქ ერთი ხეც არ ხარობდა.

საერთოდ, არც ერთი მოედანი არ იყო გამწვანებული, რისი დასტურიცაა ის, რომ გრავიურებზე ერთი ხე არ ჩანს. სამაგიეროდ, იქაურობას გარშემო ბაღები აკრავდა - "ორთაჭალის ბაღი," "კრწანისის ბაღი," "სოლოლაკის ბაღი," "ვერის ბაღი".

  • ალეკო ელისაშვილი:

"ეს ყველაფერი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რადგანაც მნიშვნელოვანი მაინც თავდაცვა გახლდათ, რომ გალავანში ყოფილიყვნენ დაცულები.

ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის პერიოდი XIX საუკუნის "ოქროს ხანად" იწოდება, რადგანაც ისტორიის მანძილზე ამდენი ხანი მშვიდობა თბილისს არ ჰქონია (1801 წლიდან 1921-წლამდე არავინ შემოსულა). ამას სხვაგვარი კულტურის განვითარება მოჰყვა: გაჩნდა საზოგადოებრივი ბაღები და ამის პირველი მაგალითი "ალექსანდრეს ბაღია," ამას ქართველები პროტესტით შეხვდნენ. მიუხედავად პროტესტისა, ყველაზე პრესტიჟული ბაღი მაინც ეგ აღმოჩნდა, სადაც ტერასაზე რუმინული ორკესტრი უკრავდა და "სასვეტსკაო" ადგილად ითვლებოდა.

  • ალექსანდრეს ბაღი

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სამხედრო მუზეუმი აეშენებინა იქ, სადაც დღევანდელი "ცისფერი გალერეაა" (ბაღის ტერიტორიაზეა შეჭრილი)... მუზეუმის აშენებამ მაშინდელ თბილისის საკრებულოში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, ობიექტი კავკასიის დაპყრობის მემორიალური სამხედრო მუზეუმი ყოფილიყო. იქ იყო ნივთები, რომლებიც კავკასიის დაპყრობას ასახავდა. ამაზე ხალხი ძალიან გაბრაზდა და "ალექსანდრეს ბაღში" აღარავინ დადიოდა.

  • ბოტანიკურ ბაღი

სამეფო-სააფთიაქო ბაღი გახლდათ. მას განსაკუთრებულად გიორგი XI-ის ცოლი - მარიამი უვლიდა, ხოლო 1845 წელს კი ვორონცოვმა "ბოტანიკურ ბაღად" გამოაცხადა, თუმცა ისიც თავის დროზე, გალავნის მიღმა გახლდათ. იქ თან ხეხილიც ხარობდა და საქეიფო ადგილებიც იყო. მისი მორწყვა მთელი ამბავი გახლდათ, სამეფო სიგელები არსებობს, ვინ როდის მორწყო და რუ როდის გამოუშვა...

1859 წელს ოტო სიმონსონმა გეგმა გააკეთა, პირველი საზოგადოებრივი პარკი თუ როგორ მოეწყო, თუმცა მანამ სასაცილო რაღაც მოხდა: რუსთაველის გამზირს "სარუსეთო გზა" ერქვა, მერე "ქალაქის ბულვარი" უწოდეს, რომელიც 1942 წელს "გოლოვინსკი" გახდა.

ის იყო თბილისის პირველი ქუჩა, სადაც მწკრივში ხეები დარგეს. ქართველები ამაზე იცინოდნენ - ეს რა საშინელება გააკეთეს, ხეებს როგორ აწვალებენო?! მოკლედ, ხეები მწკრივში ჩაირგო და გაკეთდა ბულვარი. სადაც სეირნობა ნელ-ნელა ქართველებმაც დაიწყეს.

  • "გოლოვინსკი“ და რუსთაველის გამზირი

მოგვიანებით შიდა კვარტალური ბაღების კულტურა გაჩნდა, რაც უკვე გერმანელებმა შემოიტანეს. მაგალითად, "გორკის ბაღი," "არტოს ბაღი" - თითოეული ბაღი გერმანელების მიერ არის აშენებული, ანუ ამა თუ იმ კვარტალს თავისი ბაღი გაუჩნდა. ასეთი რამ ჩვენთან მანამდე არ ყოფილა.

საქართველოში პირველი გერმანული ოჯახი 1817 წელს ჩამოსახლდა, რომელსაც ნელ-ნელა სხვები მოჰყვნენ. ისინი კოლონისტები იყვნენ. რელიგიური სექტა გახლდათ და მიაჩნდათ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებული იყო და "არარატის“ მთასთან რაც უფრო ახლოს იქნებოდნენ, გადარჩებოდნენ ("არარატის" მთასთან კი საქართველო და აზერბაიჯანი იყო ახლოს). საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს დასახლებები სართიჭალაში, ასურეთში, ბოლნისში. ასევე "პლეხანოვზე სოფელი "ნოვოე ტიფლისი," რომელიც მერე ჩაიკარგა.

1817 წელს მარჯანიშვილის მოედანზე იდგა მათი ეკლესია - კირხა, ხოლო გერმანელების სასაფლაო გორკის ძეგლის უკან ტერიტორიაზე იყო, სადაც ახლა გერმანული ეკლესიაა.

ისე კი, რამდენიმე გერმანული ეკლესია კომუნისტებმა დაანგრიეს და 1946 წელს ამ ნგრევას გერმანული კირხაც შეეწირა... გერმანელების 20-მდე ოჯახი სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქაურობას ალექსანდერდორფი ერქვა.

  • მუშთაიდის ბაღი

ძალიან განაპირა ბაღი იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანელმა დააარსა, თუმცა ის XIX საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული. "ალექსანდრეს ბაღში" დაწყებული მშენებლობის გამო გაჩენილი პროტესტით და ახალი "სასვეტსკაო" ადგილი გახდა...