ავტორი:

ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა

ტეხასელი ახალგაზრდის უშეცდომოდ დაგეგმილი შურისძიება პედოფილზე - მამაკაცი საშიშ დამნაშავეს არასრულწლოვნად გაეცნო და "პაემანზე" ჩაცხრილა

ტეხასელმა მამაკაცმა აპლიკაციაში თავი არასრულწლოვნად გაასაღა, რათა ბავშვებზე მოძალადე მიეზიდა და შემდეგ მოეკლა. 24 წლის ჯეიმს სპენსერის აზრით, სამართალდამცავები პედოფილებს არასაკმარისად სჯიდნენ და ამიტომ გადაწყვიტა სადავეები საკუთარ ხელში აეღო.

ახალგაზრდა მამაკაცი 37 წლის შონ კონერი შაუერსს აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდა. მან შონს თავი არასრულწლოვნად მოაჩვენა და შეხვედრაზეც კი შეუთანხმდა.

  • როგორც ABC 13-ის გამოცემა აცხადებს, 24 წლის სპენსერის და შაუერსის "ზოგიერთი შეტყობინება სექსუალური ხასიათის იყო".

შაუერსი ჰიუსტონის ქუჩაში არასრულწლოვან ბიჭთან შესახვედრად მიაბიჯებდა, როცა მის გვერდით მანქანა გაჩერდა, მძღოლმა ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

"შაუერსი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შენახვისთვის პოლიციამ 2009 წელს დააკავა და 30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ათი წლის შემდეგ პედოფილ მამაკაცს კიდევ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის სექსუალურ დამნაშავედ არ დარეგისტრირდა",- ნათქვამია გამოცემის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ შაუერსის ცხედარი იპოვა, გამომძიებლებმა გარდაცვლილის ტელეფონი დაათვალიერეს. შეტყობინებების მიხედვით, მოკლული დამნაშავე არასრულწლოვან ბიჭთან შეხვედრას აპირებდა: "კომუნიკაციები სექსუალური ხასიათის იყო. ოფიცრების აზრით, ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე სექსუალური აქტით დაკავების მიზნით უნდა შეხვედროდნენ",- განაცხადა 179-ე საოლქო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა რეჰმან მერჩანტმა. როგორც ზოგიერთი მესიჯიდან ჩანს, სპენსერი ცდილობდა, რომ შაუერსს თავისი წარსული ეღიარებინა.

როგორც გაირკვა, სპენსერმა ბავშვებზე მოძალადის დასჯა საკუთარ თავზე იმიტომ აიღო, რომ სამართალდამცავი ორგანოები სხვა პედოფილების შესაჩერებლად საკმარისად არ ირჯებოდნენ: "მესამე პირის თქმით, სპენსერმა ახსენა, რომ პოლიცია პედოფილებს სათანადოდ არ სჯიდა და ციხიდან ნაადრევად ათავისუფლებდა. სპენსერს მეგობრისთვის ისიც უთქვამს, რომ ტელეფონის აპლიკაცია ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ასეთი მოძალადე მამაკაცების პოვნა შეეძლო და სურდა, რომ მათთვის ზიანი მიეყენებინა.

ჯეიმს სპენსერი პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა და განზრახ მკვლელობის მუხლი შეუფარდა. ჰიუსტონის კრიმინალთან ბრძოლის სამსახურის დირექტორმა ენდი კაჰანმაც ისაუბრა 24 წლის სპენსერზე: "ამ ბიჭს წინასწარვე ბევრი ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა, რომ საფუძვლიანად მომზადებულიყო. ეს არ იყო სპონტანურად ჩადენილი დანაშაული",- განაცხადა კაჰანმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა