ავტორი:

"უპრეცედენტო კატასტროფის წინაშე ვართ... ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი" - სრული პანიკა და უმძიმესი კადრები ჩილედან: გარდაცვლილთა შორის ტურისტებიც არიან (ფოტოები)

"უპრეცედენტო კატასტროფის წინაშე ვართ... ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი" -  სრული პანიკა და უმძიმესი კადრები ჩილედან: გარდაცვლილთა შორის ტურისტებიც არიან (ფოტოები)

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 100 ადამიანს გადააჭარბა. ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 112 ადამიანი.

  • ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიხმა ვალპარაისოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის მოსაგვარებლად ხალხს „ყველა საჭირო რესურსს“ დაჰპირდა.

ხელისუფლების თქმით, ხანძარი ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული და მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ამჟამად, მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 40 აქტიური კერაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ გარდაცვლილებიდან 45 ადამიანი ხანძრის კერების ადგილას იპოვეს, დანარჩენები კი დამწვრობის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

ხანძარი ქვეყანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცხელი ზაფხულის შემდეგ, ტემპერატურამ 33°C-ზე მაღლა აიწია.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 1400 მეხანძრე, ჯარი, სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. სამაშველო სამსახურები ცდილობდნენ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მისულიყვნენ, მაგრამ ხელი შეუშალათ მანქანების კოლონებმა, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა იჯდა და ხანძარს გაურბოდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვალპარაისოს რეგიონში ყოფნა სახიფათოა არა მხოლოდ ხანძრის, არამედ ძლიერი კვამლის გამო.

ხანძარი თავდაპირველად მთებში დაიწყო, შემდეგ კი სანაპირო რაიონებში გავრცელდა და ქალაქებს ვინა დელ მარსა და ვალპარაისოს მიაღწია. ეს ორი ქალაქი ჩილეს ცენტრალურ სანაპიროზე უზარმაზარ რეგიონს ქმნის, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ხანძარმა რამდენიმე გზატკეცილი ჩაკეტა. სამაშველო სამსახურების მუშაობის გასაადვილებლად ხელისუფლებამ 21:00 საათიდან კომენდანტის საათი დააწესა.

„ჩვენ უპრეცედენტო კატასტროფის წინაშე ვდგავართ“, - თქვა ქალაქის მერმა მაკარენა რიპამონტიმ.

Viña del Mar ცნობილი კურორტია, რომელიც პოპულარულია სერფერებითა და ტურისტებით, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან ამ რეგიონში, რომელიც ასევე ცნობილია თავისი ღვინოებით.

მსხვერპლის ნაწილი ტურისტები იყვნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, შვებულების გასატარებლად ვალპარაისოში ჩავიდნენ.

ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი ჩილეს ისტორიაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ ვალპარაისო მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა. საავადმყოფოებს მოუწოდა, შეაჩერონ არჩევითი ოპერაციები გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად და დროებითი საველე საავადმყოფოების შექმნის ბრძანება გასცა.

იმის გამო, რომ სამაშველო სამსახურები კვლავ ვერ ახერხებენ ყველა დაზარალებულ რაიონში მიღწევას, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი უახლოეს საათებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ვალპარაისოს რეგიონის პატარა ქალაქ ელ ოლივარში მცხოვრებთა უმეტესობა ხანდაზმულია. 61 წლის როდრიგო პულგარას თქმით, ქალაქში "ნამდვილი ჯოჯოხეთი" ხდებოდა.

ის ცდილობდა მეზობლის დახმარებას, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საკუთარი სახლი დაიწვა. მისი მეზობელი კი გარდაიცვალა, რადგან ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვერ გამოიყვანეს. ამ დროისთვის დაზიანებულია 3000-დან 6000-მდე სახლი.