ავტორი:

"ეს შემზარავია მისი ოჯახისა და მხარდამჭერებისთვის" - ავტრალიელ მწერალს ჩინეთი სიკვდილით დასჯას უპირებს: რა გახდა მიზეზი?

"ეს შემზარავია მისი ოჯახისა და მხარდამჭერებისთვის" - ავტრალიელ მწერალს ჩინეთი   სიკვდილით დასჯას უპირებს: რა გახდა მიზეზი?

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პენი ვონგის განცხადებით, ჩინელ-ავსტრალიელ მწერალს, რომელიც ჩინეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სიკვდილით დასჯა ემუქრება. ჩინეთში დაბადებულ იანგ ჰენგჯუნს, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა და ჩინეთში დემოკრატიის აქტივისტია, ორშაბათს პეკინის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, - განაცხადა ვონგმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ავსტრალიის მთავრობა ამ განაჩენით შეძრწუნებულია. "როგორც ვიცით, ეს განაჩენი შესაძლოა 2 წლის შემდეგ უვადო თავისუფლების აღკვეთით შეიცვალოს, თუ ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ინდივიდი რაიმე სერიოზულ დანაშაულს არ ჩაიდენს. ეს შემზარავი ამბავია დოქტორი იანგის, მისი ოჯახისა და მხარდამჭერებისთვის",- განაცხადა ვონგმა.

58 წლის იანგ ჰენგჯუნი 2019 წელს გუანჯოუს აეროპორტში დააკავეს, სადაც მწერალი მეუღლესთან ერთად ოჯახის სანახავად იყო ჩასული. მოგვიანებით მას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი, რაც მწერალმა კატეგორიულად უარყო. მას შემდეგ იანგის საქმე საიდუმლოებით არის მოცული და ჩინეთის ხელისუფლებას მეტი ინფორმაცია აღარ გაუვრცელებია. მათ ისიც არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

2021 წელს ჰენგჯუნის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, სადაც ავსტრალიელ დიპლომატებსაც კი აეკრძალათ შესვლა. იანგს პატიმრობაში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გასულ წელს, მას შემდეგ, რაც მას თირკმელზე კისტა აღმოუჩინეს, განაცხადა, რომ ეშინოდა, ციხეში მოკვდებოდა.

ფენგ ჩონგი, იანგის მეგობარი და დოქტორანტურის ხელმძღვანელი ავსტრალიაში, აცხადებს, რომ მისი სასჯელი "ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის ბარბაროსული აქტია": "იანგი ჩინეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში ადამიანების უფლებების დარღვევის კრიტიკისა და ისეთი უნივერსალური ფასეულობების ადვოკატირებისთვის ისჯება, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა",- განაცხადა მან. ფენგმა შეშფოთება გამოთქვა იანგის ჯანმრთელობაზეც და დასძინა, რომ მისი მეგობრის მდგომარეობა კრიტიკულია და ავსტრალიის მთავრობას მისი სამედიცინო პირობით გათავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

დაკავებამდე ჰენგჯუნი X-ზე ჩინეთის მთავრობის მაკრიტიკებელ სატირულ კომენტარებს რეგულარულად აქვეყნებდა. მას ასევე დაწერილი აქვს ჯაშუშური რომანების სერიაც. მიუხედავად იმისა, რომ იანგს ავსტრალიის მოქალაქეობა აქვს, ცნობილია, რომ მწერალი დროის უმეტეს ნაწილს აშშ-ში ატარებდა, სადაც ის ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მიწვეული მეცნიერის პოზიციაზე მუშაობდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა