ავტორი:

ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად

ბენქსის ორიგინალები ლონდონში ბრუნდება, გამოფენა 14 თებერვალს დაიხურება - ბოლო შანსი ისტორიული გამოფენის სანახავად

"ბენქსი: ლეგენდის დაბადება (BANKSY: BIRTH OF AN ICON) - კურატორი - სტივ ლაზარიდისი - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ყველაზე მასშტაბური გამოფენა 18 ოქტომბერს გაიხსნა და 14 თებერვალს დაიხურება...

ვინაიდან გამოფენის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ვინც არ ყოფილა, ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს და ნახოს, რადგან გამოფენის მიმართ უპრეცედენტოდ დიდი ინტერესია და უკვე ნახა 30,000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა... ოქტომბრიდან მუზეუმმა არაერთი აქციას უმასპინძლა, რომ ნახვის საშუალება ყველას მისცემოდა, ვისაც სურვილი ჰქონდა. აქციები გრძელდება და ყოველი თვის პირველ სამშაბათს, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ვიზიტი უფასოა, თვის პირველ ოთხშაბათს კი პენსიონერებისთვის. გარდა ამისა, კიდევ სხვადასხვა აქცია იგეგმება...

  • პროფესიონალთა შეფასებით, ეს მოვლენაა და ამ მასშტაბის გამოფენა ჯერ საქართველოში არ ყოფილა ...

ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდანაა. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ოქტომბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიდან 5 წელი შეუსრულდა! ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას პირველად მასპინძლობს და მუზეუმის მესამე სართული სრულად - 11 დარბაზი სრულად დაეთმო. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელმა ბენქსის სამყაროში იმოგზაურა - დიდი არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე.

სტივ ლაზარიდისი, კურატორი: "ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან... ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან - ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და, ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად".

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე.

მუზეუმის გუნდი: "ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 5 წლის განმავლობაში უმასპინძლა ათობით გამოფენას და საინტერესო საღამოს, ასიათასზე მეტ ვიზიტორს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების მხარდაჭერა და რუსთაველის 7 ნომერში ქალაქის კიდევ ერთი კულტურის ცენტრის შექმნა. საერთაშორისო მასშტაბის პროექტი - ბენქსის გამოფენა, ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს: ადგილობრივი დამთვალიერებელი მუზეუმის მეხუთე დაბადების დღეზე ნახავს იშვიათ ექსპოზიციას და გაიცნობს ლეგენდას. გარდა ამისა, ამ გამოფენით მუზეუმი მხარს უჭერს ქართულ სტრიტ არტს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისი ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს - ამ მასშტაბის გამოფენამ ქვეყანაში შესაძლოა ტურისტული ნაკადიც მოიზიდოს.“

გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X, Visa.

პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ლევან სონღულაშვილი გამოფენის შესახებ:

"ბენქსი ძალიან გლობალური და მნიშვნელოვანი ფიგურაა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ვიზუალურად მისი რეალური სახე, მისი ნამდვილი სახელი საზოგადოების ფართო მასებმა არ იციან... ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობლად ომია, ასევე პალესტინა- ისრაელის ომის ფონზე თბილისში თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი სახელოვნებო აქტივისტის გამოფენა გაიხსნა... ბენქსმა, რომელმაც ხელოვნება არა მუზეუმში, არამედ ქუჩაში გაიტანა. მან შეძლო, რომ ხელოვნება ვიზუალური ნაწარმოებიდან, პროტესტის ფორმად ექცია. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი თავს ქუჩაში ვიყრით, ყოველდღიურად ქუჩას გავდივართ, სწორედ იქ ვხვდებით ბანერებს, პლაკატებს, პოსტერებს, ისეთ ფრაზებს, რომელსაც სრულიად შეუძლია საზოგადოების ცნობიერება შეცვალოს. მაშინ, როდესაც ბენქსი იდევნებოდა, როდესაც სამართალდამცავები დასაჭერად დასდევდნენ, დღეს ჩვენ მას ვხედავთ როგორც უდიდეს ხელოვანს, რომლის ნამუშევრებიც საქართველოში იფინება - არც ისე დიდ და შეიძლება თქვას, მსოფლიო კულტურის ეპიცენტრში მყოფ ქვეყანაში. ასეთი გამოფენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო თვალსაზრისითაც რომ ამაღლდეს ცნობიერება და ჩვენს მიმართ უფრო მეტი ცნობადობა გაიზარდოს... ასევე ის ფაქტი რომ ქართველი "სთრითარტისტების" და ხელოვანების ნამუშევრები ამ ლეგენდის გვერდით იფინება, მუზეუმი რომ ქართველ არტისტებს ამ შესაძლებლობას აძლევს, ბენქსისთან ერთად სამუზეუმო ექსპოზიციაში გამოიფინონ, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა!".

ოლეგ ტიმჩენკო გამოფენის შესახებ:

- ბენქსი მსოფლიო დონის ფიგურაა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, რადგან რადიკალური, პირდაპირი, უშიშარი, ნიჭიერი და ძალიან მაგარ რამეებს გემოვნებით ქმნის სივრცეში - ქუჩაში, კედლებზე, ყველგან... ამით გაითქვა სახელი, ეს ბევრს არ შეუძლია და ამიტომაც "სთრითარტის" მეფეა...

ხელოვნებათმცოდნე, სოლომონ ნადიმაშვილი - ბენქსის პერსონა და ბიოგრაფია

"იდუმალებით მოსილი "სთრითარტისტი", ინსტალატორი, ვიდეოარტისტი, პერფორმანსისტი ბრისტოლელი რობერტ (რობინ) ბენქსი (Robert Banksy) 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ყველაზე სკანდალური და პოპულარული ფიგურაა. ზოგადად, ეს პიროვნება ერთია თუ მხატვართა ჯგუფი, ისიც ბოლომდე არაა დაზუსტებული, ამ სახელს ამოფარებულ სავარაუდო პიროვნებებსაც ასახელებენ ხოლმე ძირითადად მუსიკოსთა წრიდან. საზოგადოებას ის თავისი სოციალური ქსელიდან და პირადი აგენტის საშუალებით ეკონტაქტება.

წლების მანძილზე მისი გრაფიტის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმების და კერძო კოლექციების კუთვნილებაა. მათ ავთენტურობასაც არტისტი აზუსტებს ხოლმე სოცქსელის საშუალებით. 2018 წელს, როგორც ჩანს, ბენქსი კიევშიც იყო და იქ "სთრითარტის" ნიმუშები შექმნა. ბენსქსის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, სადაც იგი ანონიმურადაა წარმოჩენილი. ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში ხშირად მის მიერ შესრულებული სთრითარტის ნიმუშების განადგურებას ითხოვენ ხოლმე წესრიგის დამცველები, რადგან კანონმდებლობით გრაფიტული გამოსახულებები ვანდალიზმადაა მიჩნეული. ამითაც სარგებლობენ ხოლმე ბენქსის ხელოვნების თაყვანისმცემლები და ხშირად კიდევაც ჭრიან კედლებიდან ამ გამოსახულებებს.

გარდა სთრითარტის ნიმუშების შექმნისა, რომლებსაც შუაღამისას ძირითადად ინკოგნიტოდ ასრულებს ან ასრულებენ ხოლმე, ბენქსი გვევლინება როგორც ვიდეოარტისტი, პერფორმანსის, ინსტალაციის შემქმნელი და კინოდოკუმენტალისტი, მის მიერ ინგლისის ერთ პატარა ქალაქში მოეწყო მთელი ატრაქციონი Dismaland - დისნეილენდის ინსპირაციის სახით, თუმცა სულ სხვა სტილსა და ფორმაში. გამოფენას 30 მილიონი ფუნტი შემოსავალი ჰქონდა და რაც მთავარია, მას აკეთებდნენ ასევე ინკოგნიტოდ, თითქოსდა ფილმის დეკორაციების შექმნის სახელით. ბენქსის ეკუთვნის საკმაოდ სკანდალური აქცია - ელისაბედ მეორის მაგივრად 10 ფუნტიან ბანკნოტზე პრინცესა დიანა გამოსახა და ეს კუპიურები გაავრცელა. ყველაზე დიდი სკანდალი კი 2018 წელს 5 ოქტომბერს სოთბის აუქციონის ლონდონის განყოფილების თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე მოხდა, სადაც გამოტანილი იქნა ბენქსის გრაფიტის „გოგონა წითელი ბუშტით“ საავტორო რეპროდუქცია, ჩასმული მოოქროვილ და შუშიან მასიურ ჩარჩოში.

არტეფაქტის 1 მილიონ ფუნტად გაყიდვის შემდეგ, იქვე მყოფმა ინკოგნიტო პერსონამ, როგორც ჩანს პულტის საშუალებით, ჩართო ჩარჩოში დამალული ქაღალდმჭრელი და ნამუშევარი სანახევროდ გრძივად დაიჭრა და ჩარჩოდან ქვემოთ ჩამოეშვა. ამ პროცესს, სავარაუდოდ ბენკსი თავად იღებდა და შემდეგ მის სოცქსელში გავრცელდა ეს ვიდეო. ბენქსის ნამუშევრებს და მის აქციებს სხვა ხელოვანებიც აფიქსირებენ ხოლმე.

ბრისტოლელი პატარა ბიჭი, რომელიც აეროზოლის საღებავებით 1980 იან წლებში მალულად მშობლიური ქალაქის სახლების კედლებს ღამ-ღამობით აფერადებდა, 2 ათეულ წელში უმდიდრესი ადამიანი გახდა, რომლის ნამუშევრები სხვადასხვა აუქციონებზე მილიონობით ფუნტ სტერლინგად იყიდება და მსოფლიო არტსამყარო მისგან ისევ ახალ-ახალი სკანდალების მოლოდინშია. თუმცაღა იმ პატარა ბიჭუნას სახელით ერთი ადამიანი მოქმედებს, თუ ეს არის არტისტთა ჯგუფი, დღემდე იდუმალებით არის მოცული. როგორც სოთბის აუქციონის თანამედროვე ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა „გოგონა წითელი ბუშტით“ სკანდალური გაყიდვის შემდეგ აღნიშნა, მსოფლიო კულტურული ანდეგრაუნდი ბენქსის დაავადებითა შეპყრობილი. ბენქსის ნამუშევრებს ყიდულობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი მილიარდერები და თავის ვილებსა და სასახლეებს ქუჩის არაკანონიერი გაფორმების ნიმუშებით ამკობენ..."

R