ავტორი:

რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი სასტუმრო განადგურდა.

  • მაშველებმა სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინეგობუვის ინფორმაციით, სამი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. სამი ქალი, რომელთა ასაკი 21, 28 და 39 წელია, მიღებული დაზიანებებითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორისაა გარდაცვლილი ბავშვის დედაც“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისი თქმით, რუსებმა დასახლებას S-300 ტიპის 2 რაკეტით დაარტყეს.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელიც, მოგვიანებით, ჩააქრეს.

საერთო ჯამში, რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი (მაღაზიები, კაფეები), 2 ადმინისტრაციული შენობა და 5 ავტომობილი.