ავტორი:

"თურქები ქართველებს დასცინოდნენ, რა გოგონები გყავთ ასეთი, რომ მათ გასათხოვებლად საჩუქრებს იძლევითო" - საიდან მოდის მზითვის ტრადიცია, რა სახით არის შემორჩენილი და ვის რჩება მზითვი გაშორებისას?

"თურქები ქართველებს დასცინოდნენ, რა გოგონები გყავთ ასეთი, რომ მათ გასათხოვებლად საჩუქრებს იძლევითო" - საიდან მოდის მზითვის ტრადიცია, რა სახით არის შემორჩენილი და ვის რჩება მზითვი გაშორებისას?

"სიტყვა მზითვის ისტორიულ წყაროებში პირველად მე-9 საუკუნეში გვხვდება,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ შოშიტაშვილი. მზითვებს, ქალს მშობლები აძალევდნენ და მისი კერძო საკუთრება იყო. ზოგიერთი შეძლებული ოჯახი კი ქალიშვილს მიწასაც კი ჩუქნიდა, რომელიც მემკვიდრეობით მის შვილებს რჩებოდათ.

მზითვი აუცილებელი რამ იყო ქალის გათხოვების დროს. კარგი მზითვი გავლენას ახდენდა პატარძლის სოციალურ სტატუსზე მეუღლის ოჯახში. მთაში გოგონა 12 წლიდან თავად იმზადებდა მზითვებს, ქსოვდა, კერავდა, ბარში კი ამაზე ძირითადად მშობლები ზრუნავდნენ.

  • რა სახით არის შემორჩენლი დღემდე მზითვის ტრადიაცია, რას ნიშნავს სათავნო და რა რა ბედი ეწეოდა მზითვებს, როდესაც წყვილი შორდება, ამ და სხვა საინტერესო ამბებზე ბატონი ნოდარი გვიყვება:

- ბატონო ნოდარ, რომელი საუკუნიდან ჩნდება სიტყვა მზითვი ისტორიულ ჩანაწერებში?

- ისტროიულ წყაროებში ტერმინი მზითვი პირველად ჩნდება მეცხრე საუკუნეში. დაბადების ერთ-ერთ თარგმანში მოხსენებულია სიტყვა მზითვი ამ შინაარსობრივი მნიშვნელობით. მე რომ მკითხოთ, მზითვი, მზეს, მზით გაცვითეს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ არსებობს მეცნიერული ანალიზი, რომ თითქოს შუამდინარეთიდან მოდის ეს სიტყვა, "მზითვინ“ არის აქადური სიტყვა, რაც საჩუქარს ნიშნავს.

- საქართველოში კუთხეების მიხედვით თუ განსხვავდებოდა მზითვის ტრადიაცია, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, მთა...

- რა თქმა უნდა, მთაში, ბარში და თბილისში კიდევ უფრო განსხვავებული იყო ეს ტრადიცია, ასევე მეფეების კარზე. მაგალითად მთაში გოგონა 12 წლის რომ გახდებოდა იწყებდა მზითვების მომზადებას. რთული იყო სატალავრე, სადიაცო ქსოვილის მოქსოვა, ამაში დედა ეხმარებოდა, დაზგას გაუმართვდა და ცოტა რომ გაიზრდებოდა თავად ქსოვდა. გოგონა მზითვისთვის იქსოვდა, რამდენიმე სადიაცეს, სატალავრეს, ქოქლოს, წინდებს, ჯორაბებს. რაც შეეხება ბარს, სოფლად აუცილებელი იყო კარგი მატყლის ლოგინის მომზადება, ეს უფრო აღმოსავლეთში, დასავლეთში უფრო ბამბა იცოდნენ.

არისტოკრატების მზითვის წიგნები რომ ნახოთ, უამრავი რამეა ჩამოთვლილი. სამკაულები, ვერცხლით მოჭედილი ხატები და აუცილებლად ჰიგიენის ნივთები. ასევე ტანსაცმელის რამდენიმე სახეობა, და რაც მთავარია, წიგნები, მათ შორის აუცილებლად ვეფხისტყაოსანი. მზითვიანი ქალი რომ მიდიოდა ოჯახში, ეს მის ავტორიტეტს მაღლა სწევდა და ამას თავისი ეკონომოკური საფუძველი ჰქონდა. იყო ასევე გასართობი მზითვები, მაგალითად ჭადრაკი, ნარდი, ასევე ბანქო, რომელსაც ერქვა განჯაფა, ეს იყო ბანქოს მსგავსი სათამაშო, რომელიც სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული.

ასე გამოიყურებოდა განჯაფა, რომელიც სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული

მე-16-17-18 საუკუნეებში უფრო სპარსული ნივთებია მზითვებში ნახსენები, მე-18 საუკუნის ბოლოდან უფრო ევროპული და რუსული ნივთები. ესეც ეპოქისა და დროის მაჩვენებელია.

ახლა მოგიყვებით სათავნოზე, ეს იყო მზითვისგან დამოუკიდებელი დამატებითი საჩუქარი რასაც შეძლებული ოჯახი აძლევდა დაქორწინებულ ქალიშვილს. მაგალითად გლეხებს, რომლებსაც ათასობით სული საქონელი ჰყავდათ, გოგოს გათხოვების შემდეგ აძლევდნენ დედალ საქონელს, ასევე მიწას და ფულს, რომელიც მხოლოდ ქალის განკარგულებაში იყო. ეს საქონელი რომ გამრავლდებოდა, ამისი ნამატიც ქალის იყო, მიწას არენდით აძლევდნენ და ყოველ მესამე წელს თავად მიჰქონდათ მოსავალი. როდესაც ოჯახში სამი ძმა ცხოვრობდა და შემდეგ გაიყრებოდნენ, სათავნო სრულად მიდიოდა იმ ქალის ოჯახში, რომელმაც მოიტანა. ასევე ქმართან დაშორების შემთხვევაში ქალს საკუთრება უკან მოჰქონდა.

- ბატონო ნოდარ, მუსულმანურ ქვეყნებში, ძირითადად მამაკაცები იხდიან თანხას ცოლის თხოვნისას. იქ არ არსებობს მზითვის ტრადიცია...

- დიახ, ამის გამო, თურმე დასცინოდნენ თურქები და ოსმალები ქართველებს, რა გოგონები გყავთ ამისთანა, რომ გაათხოვოთ აქეთ აძლევთო საჩუქრებს. რაც შეეხება მათ წესს, როდესაც მამაკაცი იხდის საქორწინო გადასახადს, ეს შეიძლება იყოს საქონელი, ფული, მიწა, კავკასიაში ამას ურვადი ჰქვია, მუსულმანურ სამყაროში ლო ყალიმი. მაგალითად საქართველოს ხევში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მეზობელია, მამაკაცის ოჯახი ვალდებული იყო, რომ თავადაც გაეღო რამე, მიუხედავად იმისა, რომ მზითვის ტრადიცია ჩვეულებრივ მოქმედებდა.

- რამ გამოიწვია ეს კულტურული სხვაობა?

- როგორც ჩანს ადრე ზოგადად ყიდვითი ქორწინება არსებობდა, რომელიც შემდგომ გადავიდა და ჩვენთან შემოვიდა მზითვის ტრადიცია, მაგრამ რაღაც გადმონაშთი მაინც შემოგვრჩა. გაიხსენეთ, ხომ გინახავთ ქორქწილში, პატარძალს რომ არ ატანენ ხოლმე ნეფეს, ქალის მეჯვარე კართან დგება და ფულს ითხოვს. ეს არის უძლეველის დროის გამოძახილი ქალის ყიდვითი ქორწინებიდან.

- მზითვებან დაკავშირებით სასამართლო დავები თუ გვხვდება ჩანაწერებში?

- არა, არ შემხვედრია, მაგრამ არსებობდა აუციილებელი ჩანაწერი, ვინ რა მოიტანა. ერთ-ერთი იყო სკივრი, დრო რომ გადიოდა ეს სკივრი დედიდან მემკვიდრეობით გადადიოდა ქალიშვილზე. სიმართლე თუ გინდათ გაყრა მაშინ არ ხდებოდა. რაც შეეხება უმზითვო ქალს, ეს თითქმის გამორიცხული იყო. ეს არამარტო პატარძლის სტატუსს ამყარებდა, არამედ იმ ოჯახისაც ვინც ქალიშვილს ათხოვებდა.

- იქნებ ოჯახს ქალის გამზითვების საშუალება არ ჰქონდა, რა ხდებოდა ამ შემთხვევაში?

- ერთ-ერთი მდიდარი გლეხი, რომელმაც გოგოს სუსტი მზითვები გაუმზადა, მთელი სოფელი დასცინოდა და ეს დიდხანს გრძელდებოდა. რაც შეეხება შესაძლებლობას, საქართველოში გლეხს ყოველთვის ჰქონდა მზითვის საშუალება. ჰყავდა საქონელი, ცხვარი, ქალები თავად რთავდნენ მატყლს, ქსოვდნენ ფარდაგებს, რადგან აუციელებელი იყო ასევე მისი წაღებაც.

30-იან წლებში მოდაში შემოვიდა შიფონერები. შემდეგ მოიშორეს ოჯახებიდან და ანტიკვარი ყოფილა და ისევ თავიდან ეძებენ.

შარჟი - 1902 წელი, ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

- რა პერიოდში განიცადა სახეცვლილება ამ ტრადიციამ?

- მაინც არსებობს, მაგალითად გოგონას რომ გაათხოვებ რაღაც მაინც უნდა გაატანო. შეიძლება მეორე მხარემ არაფერი თქვას, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და რად გვინდა მზითვები, მაგრამ მეზობლები, ნათესავები ყოველთვის კითხულობენ, რა მოიტანა ქალმა. მზითვი ყოველთვის იყო სოციალური პრესტიჟის თემა და ახალი ოჯახის ეკონომიკური საფუძველი. რაც არ უნდა მაგარ ოჯახში შევიდეს გოგონა, თავისი რომ მიაქვს, მაინც სხვა ავტორიტეტია.

- საუბრის დასაწყისში მეფის კარი ვახსენეთ, ქართველი მეფეების სიმდიდრის მიუხედავად, მეუღლეებს მაინც მიჰქონდათ მზითვი?

- დიახ, შემორჩენილია მე-16, 17-ე საუკუნის მზითვის წიგნები. მაგალითად, საოცარი მზითვები ჰქონდა ლევან დადიანის დას, მარიამ დედოფალს, რომელიც როსტომის ცოლი გახლდათ. საერთოდ რომ იცოდეთ, ძმებიც აქტიურობდნენ ხოლმე მზითვის შექმნაში. როსტომი კი იყო მაჰმადიანი მეფე, მაგრამ მარიამი იყო ძალიან ქრისტიანი ქალი და ძმამ ბევრი ხატები გამოატანა, ასევე გამოაყოლა თავისი პირისფარეში, აღმზრდელი, ყმები და წარმოიდგინეთ, სამეგრელოდან ხალხი ქართლში აღმოჩნდნენ, როგორც მზითვები.

მეფეები ასევე სოფლებს ჩუქნიდნენ თავის ქალიშვილებს ყმებიან-აზნაურიანად. ასევე ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის მზითვის წიგნი არის სასწაული, სახარება ერთი, სახარება ორი, დავითნი, ოქროთი მოოჭვილი ხატები... ასევე ერეკლემ გაამზითვა ძალიან კარგად თეკლა ბატონიშვილი, ასევე ვახტანგ მეექვსემ თავისი ქალიშვილი.

- როდის მიჰქონდათ მზითვები პატარძალს ახალ ოჯახში?

- ზოგჯერ დიდი ნიშნობის ან ქორწილის დროს. ამ დროს სპეციალურად ქირაობდნენ ხალხს, მათ სკივრის გადამზიდავი ერქვათ. გარკვეული ჯგუფი მუსიკის თანხლებით მიდიოდნენ ბიჭის ოჯახში და მზითვები მიჰქონდათ, ამ დროს, პატარა ბავშვებს ბოხჩები ეჭირათ, ეს მე-19 საუკუნეში, მეოცეში კი უკვე ავტომობილებით მიჰქონდათ მზითვები.

ასევე მე-19 საუკუნეში შემოვიდა მზითვის სახით აუცილებელი ატრიბუტი სარკე, რომელიც წიგნში მიჭვრიტინად არის მოხსენიებული. ასევე ძვირფასეულობა, ძვირფასი ქვები, ნახსენებია ალმასი, ბრილიანტი და ზურმუხტი, ფირუზი, ყვითელი იაგუნდი, ჩვეულებრივი იაგუნდი, ლალი.

სხვათაშორის მთაში თუ ქალი თავად ქსოვდა მზითვებს, არისტოკრატი ქალბატონები ქარდგავდნენ და ეს ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა. ასევე საინტერესო ტრადიცია იყო ბარში, როდესაც გოგონას მზითვის მზადებისას, მეზობლის ქალებს სპეციალურად მოიწვევდნენ ხოლმე ბამბის, მატყლის საპენტავად, შემდეგ კერავდნენ საბნებს, ბალიშებს და ამ დღეს დიდი ქეიფით ასრულებდნენ ხოლმე.