ავტორი:

კორუფცია, მონები, სამთავრობო ცვლილებები და... - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა პარლამენტში: ძირითადი აქცენტები

კორუფცია, მონები, სამთავრობო ცვლილებები და... - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა პარლამენტში: ძირითადი აქცენტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფება, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ძირითად აქცენტებს:

  • "ჰიბრიდული ომი"

"სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდო ერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის, საკრუიზო გემის ბათუმში "პარპაში“, "სტალინის ხატი“ სამების ტაძარში, რაც მიზნად საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, დაპირისპირებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ისახავს.

"ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, "ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის ბათუმში "პარპაში“, სტალინის ხატი სამების ტაძარში... ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • რუსეთის სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში

"რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის გატაცებაზე და მკვლელობაზე.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება [ხდება]. საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • კორუფცია

"ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ",- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ "ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა“.

"ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით... აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

  • პრეზიდენტის თქმით, სასამართლო "კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა.

"მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას.

ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება... "ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მიმართვა მომავალ პრემიერს

"მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.

პრეზიდენტის თქმით, ის აჟღერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორის იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა პრემიერობის კანდიდატი გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას და როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.

"მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.

მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას:

სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას;

სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას;

სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას;

სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება "ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს“.

"ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

  • "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

იხილეთ ასევე: