ავტორი:

"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს

"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს

6 თებერვალს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენებით წარდგა და ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

"ეს არის ქვეყანა, სადაც ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“, "მონობა და კლანური მმართველობა“, "ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა თავისი ვერტიკალით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, კომპრომატებით, მოსმენებითა და დასმენებით, კლანებითა და მონობით“... - ეს და სხვა გზავნილები ისმოდა მის გამოსვლაში. ყველაზე მეტად პრეზიდენტმა სასამართლო სისტემა და მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება გააკრიტიკა, მიმართა პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესაც და მას გავრილოვის ღამე, რუსული კანონი, ანტიევროპული რიტორიკა, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა შეახსენა. პრეზიდენტს არც ოპოზიცია გამორჩენია, რომელსაც გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, რამაც, მისი თქმით, მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, ხოლო სანაცვლოდ - რუსეთის მიმართ "შესამჩნევად შერბილდა პოზიციები“. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროინტეგრაციას დაეთმო.

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს შეახსენა პოლიტიკაში "მესამედ შემოსვლისას“ ნათქვამი სახელმწიფოში კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე, - "საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ცვლილებას.

სალომე ზურაბიშვილმა ძირითადი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და აღნიშნა, რომ მან კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, როგორც ფორმალურმა მმართველმა.

"ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აქცენტი მომავალზეც გააკეთა. იგი ასევე, გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას ისტორიულს უწოდებს:

ლაშა ძებისაშვილი

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალზე მნიშვნელოვანი. გარკვეული თვალსაზრისით, ამ გამოსვლას ვუწოდებდი ისტორიულს, იმიტომ, რომ ერთგვარი საერთო შეფასება იყო ვითარების, ხაზგასმული იყო 2024 წლის ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის და აქედან გამომდინარე, ის დიდი პასუხისმგებლობა იყო ნაჩვენები, რაც პოლიტიკაში ვინც კია, ყველას გააჩნია, დაწყებული მმართველი გუნდიდან, ოპოზიციით დამთავრებული. პრეზიდენტი საკუთარ თავთან მიმართებაშიც მომთხოვნი იყო, ნაჩვენები იყო ის მნიშვნელობა, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი თამაშობს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან მკაფიოდ გადადგა ნაბიჯი იქითკენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დარჩენილიყო შინაარსის გარეშე, ცარიელი ინსტიტუციური ჩარჩო, რასაც, პრინციპში, კონსტიტუციის ავტორები ითვალისწინებდნენ - პრეზიდენტმა დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა, დარჩენილია ყოველგვარი აღმასრულებელი უფლებების გარეშე, თუმცა მიუხედავად ამისა, მას შენარჩუნებული აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტს აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვა. იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით იქნა არჩეული, მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და ერის წინაშე. ამ გამოსვლაში დავინახე, რომ მას გააზრებული აქვს პრეზიდენტის ფუნქცია და შესაბამისად, მან რომ ამ ინსტიტუტს შესძინოს როლი (რაც მას ობიექტურად ეკუთვნის), ის განზე გადგა როგორც დამოუკიდებელი ფიგურა და ცალსახად დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობა (თამაში არ მინდა გამოვიყენო). მან თქვა, რომ ვარ ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ვიაზრებ ჩემს მნიშვნელობას და როლს ამ გადამწყვეტ მომენტში და ამ გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი და აუცილებელად გასაკეთებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები შეახსენა ყველას. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ უდიდეს მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია. ეს იყო აბსოლუტურად სწორი და ობიექტური გზავნილები გამართლებული კრიტიკით და ასევე, მომავლის იმედით - ამიტომ ვაფასებ ამ გამოსვლას ისტორიულად.

იშვიათია და პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი ვარ და არ მაქვს არა თუ სერიოზული, არამედ რაიმე შენიშვნაც კი. ბუნებრივია, პრეზიდენტი ამ გამოსვლაში რაიმე დეტალურ გეგმას ვერ დადებდა, რაღაც დეტალურ ინტრიგებში ვერ გაებმებოდა, პიროვნულ ანგარიშსწორებას არ დაიწყებდა. მისთვის ამ გამოსვლაში მთავარი იყო მკაფიო აქცენტების დასმა, მათ შორის, პასუხისმგებლობების მოხაზვა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების სახელების დასახელებების გარეშე და მან ეს გააკეთა. რაც მთავარია, მან ასევე, მკაფიოდ დაანახა ყველას, ჩვენი ქვეყნისთვის რა არის წითელი ხაზები და რა არის სამომავლო გზა, გააკეთა მინიშნებები, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ერი და სახელმწიფო გადავრჩეთ და აღმოვჩნდეთ წარმატებულები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაა შესაქები მისი სიტყვა.

პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ბიძინა ივანიშვილს, ასევე, გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციას და ყველას, მათ შორის საზოგადოებასაც. იმიტომ იყო ეს გამოსვლა კარგი, რომ, აბსოლუტურად, ყველას თავისი წილი ტორტი, ანუ პასუხისმგებლობა დაუდო მაგიდაზე. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კულისებს მიღმა იყო და ის ფორმალურად არ წარმოადგენდა პოლიტიკურ მოთამაშეს, დღეს ის ოფიციალური პოლიტიკური თამაშის გადამწყვეტ მოთამაშედ გამოცხადდა, თავისი ნებით გამოვიდა და, შესაბამისად, ის რაც აქამდე ვერ ითქმოდა, დღეს უკვე ამის საფუძველი არსებობს. პრეზიდენტისგან ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო და მინდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტ მომენტში, როცა პოლიტიკურ სისტემაში სახეზე გვაქვს ვინ რას წარმოადგენს, როცა გაირკვა, ვინ რაზეა ოფიციალურად პასუხისმგებელი, ბუნებრივია, ამ გადმოსახედიდან მთავარი ფიგურა, ვინც ძირითად პასუხისმგებლობას ატარებს ქვეყნის განვითარებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი და ეს განაცხადა პრეზიდენტმა, რაც, აბსოლუტურად, სწორია. მან ასევე იცის, რომ პრეზიდენტის ფიგურა დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში არ არის ისეთი ფიგურა, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის ფიგურა არ დარჩეს ცარიელ ქაღალდზე დაწერილ სიტყვად, სურს, ამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დარჩეს ერთადერთ პოლიტიკურ ფიგურად და ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია სწორი იმპულსების გაცემა საზოგადოების და პოლიტიკური მოთამაშეების მისამართით. ბუნებრივია, პრეზიდენტი სწორად მიხვდა ამ გადამწყვეტ მომენტში მის ამ ფუნქციას და გადადგა ეს ნაბიჯი, რაც ვფიქრობ, მმართველი ხელისუფლებისთვის სრული მოულოდნელობა უნდა იყოს. არ მინდა ვთქვა, რომ მან ხიდი ჩატეხა "ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ზურაბიშვილმა ცალსახად აჩვენა, რომ მიუხედავად მისი და "ოცნების“ ურთიერთობისა, მას აქვს სურვილი, იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ მასზე მმართველ ხელისუფლებაში.

რაც შეეხება უმრავლესობის რეაქციას, ეს არის "ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი სტილი. სხვათა შორის, ამაზეც ილაპარაკა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, ან კრიტიკაზე ყველა გაათანაბრო მოღალატესთან, გამყიდველთან და ა.შ. ეს არის ტიპიური საბჭოთა ბოლშევიკური პოლიტიკური კულტურა. ეს არის ავტორიტარული კულტურის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაც, როცა პოლიტიკური ოპოზიციის წევრი იქნება, თუ ჩვეულებრივად განსხვავებული აზრის მატარებელი, მას მიაკრავენ სტიგმას როგორც მოღალატეს, გამყიდველს, ერის მტერს და სხვა. ასეთი ავტორიტარული სისტემები ზოგადად, ვერ იტანენ თავისუფლებას, პოლიტიკურ თავისუფალ აზროვნებას, რაც, აბსოლუტურად, მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ზუსტად ამაზე იყო აქცენტები მის სიტყვაში.

პრეზიდენტს დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა და "ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის პოლიტიკურად არ არის მომწიფებული და თანამედროვე ევროპული გაგებით, პოლიტიკური კულტურის მატარებელი არაა. ვფიქრობ, ხაზგასასმელია და სწორი აქცენტები გაკეთდა. სხვა საქმეა, ეს რამდენად განხორციელდება, მაგრამ ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი, თუ პლატფორმა, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, ძალზე მნიშვნელოვანია. ამას გინდ "ფანჩატური" დაარქვან და რაც გინდათ ის, თუკი ის თავის ფუნქციას შეასრულებს და იქნება საზოგადოების, თუ პოლიტიკური ოპოზიციის მაკოორდინირებელი ორგანო, ცენტრი, რომელიც ჯანსაღ პოლიტიკურ აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საზოგადოებრივი და ოპოზიციის სპექტრის მობილიზებას შეუწყობს ხელს ერთიანი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყოველთვის გავიძახით ხოლმე, რომ საღ, ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ და პროფესიულ ჯგუფებს სჭირდებათ მაკოორდინირებელი ე.წ. პლატფორმა და თუ ეს პლატფორმა იქნება წარმატებული, ეფექტური და რეგულარული, ის მოახდენს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის - 86%-ის მობილიზებას და გაერთიანებას ერთიანი წარმატებული ევროპული იდეის გარშემო. არავინ იცის, ეს როგორ განხორციელდება, მაგრამ როგორც იდეა, ეს აბსოლუტურად სწორი მიმართულებაა და მისასალმებელია".