ავტორი:

"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია

"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია

ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა - ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებებს და მითითებებს ასრულებს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა.

“დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა. მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს. ეს თითქოს ისე გამოიყურება, რომ ოპოზიციური საქმეა და ჩემი კოლეგების ნაწილი გულუბრყვილოდ ხდება აღფრთოვანებული, რომ ახალი მოკავშირე იპოვა პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს ყოველთვის გულგატეხილობით და იმედგაცრუებით სრულდება. ამ პლატფორმის შინაარსიც დაახლოებით ისე გავიგე, როგორც სხვა პლატფორმების, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა. დანარჩენ ორ შემთხვევაში დავდიოდი, პრეზიდენტს ვაძლევდი რჩევას და ვეუბნებოდი, რა მიმაჩნდა იმის გაგრძელებად, რაც თვითონ წარმოედგინა, რათა ეს იდეა არ მომკვდარიყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეგნებულად კლავდა თავისივე ინიციატივებს, რომ შემდეგ “ქართულ ოცნებას” დაეცინა ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტს აჰყვა და რაღაცის იმედი ჰქონდა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.

“მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობის დღეს დაგეგმილ მოსმენას, ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება“.

„არავისთან არანაირი შეკითხვა არ მაქვს ჯერჯერობით. დავაკვირდები, დავინახავ რამდენად იქნება ვინმე სალაპარაკოდ განწყობილი. “ქართული ოცნება” არაფერზე ლაპარაკობს და „ნაცები“ უცებ ჰაეროვნები გახდნენ. “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება. ამის დაკვირვება და ადამიანებისთვის მოყოლა გვაინტერესებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.