ავტორი:

87 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

87 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

87 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

მუსიკოსი 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში, ხალხური მუსიკის დიდ მოყვარულ ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო.

1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. 1998–2007 წლებში კი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო.

1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა, რომელმაც წარმატებით გაიჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში.

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან კომპოზიტორმა გააფართოვა შემოქმედების ჟანრული სფერო და შექმნა ექვსი ოპერეტა, ორი ვოკალურ ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსთვის და "თეატრალურ ნიღბები" ტენორისა და ფორტეპიანოსთვის. 80-იანი წლების დასაწყისში ვაჟა აზარაშვილი პირველად მიმართავს საბალეტო ჟანრსაც.

1982 წელს შედგა ბალეტ "ხევისბერის“ პრემიერა.

90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად, კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა სუიტა "ძველი თბილისის სურათები“, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი "პოეტის აღსარება“, "ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“, რამდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.

1995 წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს, როდესაც შექმნა თავისი საუკეთესო მიუზიკლი "მეჩექმე გაბო“.

მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს საესტრადო მუსიკის სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებებს, ხოლო თანამედროვე პოეტებიდან მორის ფოცხიშვილის და პეტრე გრუზინსკის ლექსებს.

კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე“, "სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები: "მუსიკა“, "დღეები მიდიან“, "პატარა გოგო“, "მზე ჩემი მეგობარია“, "ისევ წვიმს“, "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, "დინამო, დინამო!“ და სხვ.

მის სიმღერებს 70-იანი წლებიდან საესტრადო მუსიკის მოყვარულთათვის ფართოდ ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ.

ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).